გერმანია ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბულგარეთს გადასცემს
გერმანია ბულგარეთს ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილს გადასცემს. როგორც გერმანული გამოცემა Spiegel-ი წერს, სასამართლომ 20 წლის სევერინ კრასიმიროვის ექსტრადირების ფორმალური გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
ბულგარულმა მედიამ 11 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულმა დანაშაული აღიარა.
კრასიმიროვმა ბულგარეთი მკვლელობიდან მეორე დღეს, შვიდ ოქტომბერს დატოვა. ეჭვმიტანილი ბულგარეთის ქალაქ რუსეს მცხოვრებია. არსებული მონაცემებით, დაკავებულის დნმ დანაშაულის ადგილზეა აღმოჩენილი.
გახმაურებული მკვლელობა ბულგარეთის ქალაქ რუსეში ექვს ოქტომბერს მოხდა. ვიქტორია მარინოვას ცხედარი ქალაქის პარკში იპოვეს. ჟურნალისტი ტელეკომპანია „ტი-ვი-ენ-ის“ ხელმძღვანელი და ორი საგამოძიებო გადაცემის წამყვანი იყო. ერთ-ერთი ბოლო თემა, რომელზეც მარინოვა მუშაობდა, ევროკავშირის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვის საქმე იყო. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ფინანსურ მაქინაციებში შესაძლოა, ბულგარეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები იყვნენ ჩართული.