გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, 2019 წელს საპროცესო შეთანხმების პროცენტული მაჩვენებელი 1,4 პროცენტით გაიზარდა
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, 2019 წელს საპროცესო შეთანხმების პროცენტული მაჩვენებელი 1,4 პროცენტით გაიზარდა

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, 2019 წელს საპროცესო შეთანხმების პროცენტული მაჩვენებელი 1,4 პროცენტით გაიზარდა. გენერალური პროკურატურის მიერ პარლამენტში წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წელს გასამართლებული 17 391 პირიდან 67,2 პროცენტზე განაჩენი გამოტანილი იყო საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხოლო 32,8 პროცენტის მიმართ საქმე არსებითად იყო განხილული. უწყების ცნობით, 2018 წლის მსგავსად, 2019 წელს გაზრდილია გამოძიების ადრეულ ეტაპზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების მაჩვენებელიც.

„საპროცესო შეთანხმების ადრეულ ეტაპზევე გაფორმება და ამის საფუძველზე დასრულებული სისხლის სამართლის საქმეების პროცენტული მაჩვენებლის ზრდა ხელს უწყობს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე ზოგავს როგორც პროკურატურის, ასევე სასამართლო სისტემის ძალიან დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსს.

ამასთან, საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას დაზარალებული აღარ არის ვალდებული გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე და ჩვენების მიცემისას კიდევ ერთხელ განიცადოს დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2019 წელს არსებითი განხილვის საფუძველზე გამოტანილი განაჩენებიდან 11,1 პროცენტის მიმართ სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, ხოლო 4,7 პროცენტის მიმართ – ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი.

„2019 წელს გამამართლებელი განაჩენების დიდი ნაწილი (66%) ოჯახური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე მოდის. აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი ძირითადად ხდება საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე ბრალდებულის ახლო ნათესავების მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლით მინიჭებული ჩვენების მიცემისგან თავის შეკავების უფლებით სარგებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში საუბარია საპროცესო შეთანხმების დადებისას სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელზეც. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით, 2019 წელს მცირედით არის გაზრდილი და 2018 წელს – 47,7 პროცენტი იყო, ხოლო 2019 წელს – 50,6 პროცენტი.

„რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების დადებისას სასჯელის სახით გამოყენებული ჯარიმის ოდენობას, წლების მიხედვით ამგვარია: – 2018 წელს – 19 886 587 ლარი იყო, ხოლო 2019 წელს – 20 228 630 ლარი. საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების მაჩვენებელი 2019 წელს 2016-2017 წლებთან შედარებით შემცირებულია, ხოლო 2018 წელთან შედარებით უმნიშვნელოდ არის გაზრდილი. 2018 – 16,5 პროცენტი იყო, ხოლო 2019 – 17 პროცენტი“, – აღნიშნულია ანგარიშში.