„გარეჯი 1960“-ის პირველი საერთაშორისო ტრანსფერი - ბრაზილიელი საგარეჯოელებისთვის შეუტევს
ბათუმის „დინამოს“ 18 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ჟუნიორ ვინიციუსი კარიერას საქართველოს მე-3 ლიგის საგარეჯოს „გარეჯი 1960“-ში გააგრძელებს – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ადასტურებს.
თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გარეჯი“ და ბათუმის „დინამო“ სეზონის ბოლომდე ფეხბურთელის იჯარაზე შეთანხმდნენ. ბრაზილიელი „დინამომ“ 2020 წლის სეზონის დაწყებამდე დაიმატა და ფეხბურთელთან 2+1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
„გარეჯი 1960“-ის ცნობაში სხვაგვარად წერია – კლუბმა ბრაზილიელის ტრანსფერი გამოისყიდა.
„საგარეჯოს „გარეჯი 1960“-მა თავისი არსებობის ისტორიაში პირველი საერთაშორისო ტრანსფერი განახორციელა. ჩვენმა გუნდმა ბათუმის „დინამოდან“ 18 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი, ჟულიო ვინიციუსი შეიძინა, რომელმაც სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი“ – წერია „გარეჯის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
„გარეჯი1960“ გასულ სეზონში მე-4 ლიგაში თამაშობდა, მე-3 პოზიციაზე გავიდა და ერთით მაღალ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.