„გარეჯის“ 37 წლის მეკარე - ლიგა 2-შიც წარმატებისთვის ვიბრძოლებთ
„გარეჯის“ 37 წლის მეკარე - ლიგა 2-შიც წარმატებისთვის ვიბრძოლებთ

ლიგა 3-ის გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ტურნირის გამარჯვებული საგარეჯოს „გარეჯი 1960“ გახდა. საგარეჯოს გუნდი ბოლო წლებში აღმავალი გზით მიდის – კახელები შარშან ლიგა 4-დან დაწინაურდნენ, პლუს, საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდნენ, ახლა კი რანგით მაღალ ლიგაში ითამაშებენ.

გუნდის კაპიტანი, 37 წლის მეკარე მინდია ბობღიაშვილი იმედოვნებს, რომ გუნდი ლიგა 2-შიც წარმატებით ითამაშებს.

„გუნდის შემადგენლობის ბირთვი 2017 წელს ჩამოყალიბდა და „გარეჯი“ მეგობრულ და სამართლიან კლუბად იქცა, რაც შედეგის ერთ-ერთი გარანტია გახდა – პირველი ადგილი შემთხვევით არ მოგვიპოვებია“, – ამბობს მინდია ბობღიაშვილი.

მისი თქმით, ახალი სეზონიდან ლიგა 2-ში მძიმე დაპირისპირებას ელის.

„ჩემი აზრით, 2021 წელს ლიგა 2 ძალიან საინტერესო იქნება. ამიტომ „გარეჯში“ შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრობენ. მაგრამ რა შემადგენლობითაც არ უნდა ვიყოთ, ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ – ჩვენი გუნდის ბრძოლისუნარიანობა და თავდადება წელს ბევრჯერ გამოჩნდა. ზრდა და წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და ლიგა 2-შიც წარმატებით ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, „გარეჯის“ სახით ქართული ფეხბურთი მებრძოლ და სამართლიან კლუბს შეიძენს, რომელსაც თავის ხელწერა აქვს“, – აცხადებს 37 წლის მეკარე.

დატოვე კომენტარი