გარდაიცვალა ყველაზე ასაკოვანი ოლიმპიური ჩემპიონი #1TVSPORT
გარდაიცვალა ყველაზე ასაკოვანი ოლიმპიური ჩემპიონი #1TVSPORT

2025 წლის 2 იანვარს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 103 წლის ასაკში გარდაიცვალა 1952 და 1956 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი სპორტულ ტანვარჯიშში აგნეს კელეტი. თავის 100 წლის იუბილეზე მან დაამყარა რეკორდი, როცა ყველაზე ასაკოვანი ოლიმპიური ჩემპიონი და მედალისტი გახდა.

როგორც სააგენტო AFP იტყობინება, ლეგენდარული სპორტსმენი ბუდაპეშტის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე ის კლინიკაში მოხვდა პნევმონიის დიაგნოზით. 9 იანვარს მას 104 წელი შეუსრულდებოდა.

კელეტიმ ნაცისტური ოკუპაცია გადაიტანა, რომლის დროსაც თავისი ებრაული წარმოშობის გამო, აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპნენ მისი მამა და სხვა ნათესავები, 1956 წელს კი უნგრეთში საბჭოთა ინტერვენციის გამო, ქვეყანა დატოვა და სამშობლოში მხოლოდ 2015 წელს დაბრუნდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ის ისრაელში ცხოვრობდა.

ოლიმპიურ თამაშებზე კელეტის მოპოვებული აქვს ხუთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი.