გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიშის თანახმად, დაკავებულია პირი, რომელიც ობამას, ჰილარი კლინტონისა და სოროსის მოკვლას გეგმავდა
აშშ-ში დააკავეს პირი, რომელიც ბარაკ ობამას, ჰილარი კლინტონისა და ჯორჯ სოროსის მოკვლას აპირებდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება. ლარი მიტჩელ ჰოპკინსი დაჯგუფება „გაერთიანებული კონსტიტუციური პატრიოტების“ ლიდერი იყო და როგორც თავად ამბობდა, პოლიტიკოსების მოსაკლავად საკუთარ მიმდევრებს წვრთნიდა. გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიშის თანახმად, 69 წლის ჰოპკინსი ამის შესახებ გარშემომყოფებთან სიამაყით საუბრობდა. თუმცა დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის, როდის განაცხადა ეჭვმიტანილმა პოლიტიკოსების მკვლელობის დაგეგმვის შესახებ.
მედიის ცნობით, ამასთან, ლარი მიტჩელ ჰოპკინსი აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე მიგრანტებს ესხმოდა თავს. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე 69 წლის ეჭვმიტანილი საკუთარ მიმდევრებთან ერთად მიგრანტებს დაესხა თავს.
ის ნიუ-მექსიკოს შტატში, ქალაქ ლას კრუკესის სასამართლოს წინაშე უკვე წარდგა, თუმცა მას ჯერ მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის და ამუნიციების შენახვისთვის აქვს ბრალი წაყენებული.
თავად ლარი მიტჩელ ჰოპკინსი დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს. ჰოპკინსი და მისი დაჯგუფების წევრები ამბობენ, რომ მექსიკის საზღვართან სამართალდამცველებს მიგრატების ნაკადის შეჩერებაში ეხმარებოდნენ.
როგორც ირკვევა, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაჯგუფება „გაერთიანებული კონსტიტუციური პატრიოტების“ შესახებ ჯერ კიდევ 2017 წელს შეიტყო. მაშინ ბიუროს აგენტებმა დაჯგუფების ლიდერის სახლი გაჩხრიკეს და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, თუმცა ჰოპკინსმა განაცხადა, რომ იარაღი მის ცოლს ეკუთვნოდა.