გამოცემა footballparadise - ქართულ ფეხბურთს დიდი მომავალი აქვს და შეუძლია თავისი „ოქროს თაობა“ ჰყავდეს #1TVSPORT
გამოცემა footballparadise - ქართულ ფეხბურთს დიდი მომავალი აქვს და შეუძლია თავისი „ოქროს თაობა“ ჰყავდეს #1TVSPORT

საქართველო მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა არ არის, მაგრამ დიდი საფეხბურთო პოტენციალი აქვს, – ასეთია წერილის შინაარსი, რომელიც გამოცემა www.footballparadise-ში გამოქვეყნდა.

ქართული ფეხბურთის აღზევება

საფეხბურთო რუკაზე საქართველო არ არის ყველაზე ცნობადი ადგილი. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს გიორგი მამარდაშვილის, გიორგი ჩაკვეტაძისა და, განსაკუთრებით, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშებმა საფეხბურთო სამყარო აიძულა, ყურადღება მიექცია, რა ხდება აღმოსავლეთ ევროპის ამ პატარა ქვეყანაში.

ფართო საფეხბურთო საზოგადოებაში ქართულ ფეხბურთს სათანადოდ არავინ აფასებს და ქვეყნის გარეთ, ფაქტობრივად, არ შუქდება. არადა, ზემოთ დასახელებულმა მოთამაშეებმა საფეხბურთო კარიერა სწორედ საქართველოში დაიწყეს და უკვე ევროპაშიც გაითქვეს სახელი. ამით კი გააბათილეს მოსაზრება, რომ ქართულ ლიგაში კლასის ნაკლებობა.

დაუფასებელი აწმყოს მიუხედავად, ქართულ ფეხბურთს წარმატებული წარსული ჰქონდა. თბილისის „დინამო“ საბჭოთა ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო და ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა. თბილისელებმა 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასიც მოიგეს. ეს დღემდე ქართულ ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა, ხოლო თბილისის „დინამო“ ერთადერთ ქართულ კლუბად რჩება, რომელმაც ევროპული ტურნირი მოიგო.

ქართული ფეხბურთის დღევანდელობა

წარსულის მიუხედავად, ქართულ ფეხბურთს საერთაშორისო დონეზე დიდი წარმატებისთვის ჯერ არ მიუღწევია. საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, დიდ სანაკრებო ტურნირზე დღემდე არ უთამაშია. სწორედ ეს არის მიზანი, ჩამოყალიბდეს ბირთვი და შეიქმნას ძლიერი ნაკრები, რომელიც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ითამაშებს. მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე და კვარაცხელია დღევანდელი საქართველოს ნაკრების მთავარი ფიგურები არიან.

2020 წელს ჩრდილოეთ მაკედონიასთან (ერთა ლიგა 2020-ის პლეი ოფში) მარცხმა პროექტი შეაფერხა. გარდამტეხი 2022 წლის ოქტომბერში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, კოსოვოსთან გამარჯვება გახდა, რომლის შემდეგაც საქართველოს ნაკრებს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, საქართველომ ერთა ლიგის ჯგუფში გაიმარჯვა და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

სრული რეორგანიზაცია განიცადა საქართველოს ჩემპიონატმა. ეროვნული ლიგა 10-გუნდიანი გახდა, რამაც კონკურენცია გაზარდა, მაგრამ შიდა ჩემპიონატის დონე ჯერჯერობით მაღალი არ არის – ფინანსების ნაკლებობა ლიგაში ხარისხის ნაკლებობასაც იწვევს. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები ცდილობენ, უფრო კონკურენტულ ლიგებში ითამაშონ.

ახალი „ძვირფასი ქვები“

საქართველოში იზრდებიან ტალანტები. „დინამო თბილისის“ აკადემიაში ბევრი პერსპექტიული მოთამაშეა. დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ გაბრიელ სიგუასა და ლუკა პარკაძეს, რომელიც უკვე მომავალი სეზონიდან მიუნხენის „ბაიერნში“ ითამაშებს.

გიორგი გოჩოლეიშვილი კიდევ ერთი ფეხბურთელია, რომელმაც თბილისის „საბურთალოში“ გამოსვლით მიიქცია ყურადღება და რომლის შეძენით „იუვენტუსი“ და „ვალენსია“ იყვნენ დაინტერესებულნი. საბოლოოდ, გოჩოლეიშვილი დონეცკის „შახტარში“ გადავიდა. არის იმედი, რომ სწრაფად გამოჩნდება შემდეგი „ხვიჩა კვარაცხელია“, თუმცა დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო, რომ ასეთი „ძვირფასი ქვები“ ხშირად გამოჩნდნენ.

საქართველოში ბოლო წლებში გაზრდილი ტალანტები წინსვლაზე მეტყველებს. როგორც ჩანს, ამ პერსპექტიულ ქვეყანას შეუძლია, თავისი „ოქროს თაობა“ ჰყავდეს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ფურორი მოახდინა, ის უმცროსი ასაკის ნაკრებშიც მუშაობდა, მაგრამ ყურადღება ბოლო პერიოდში 21-წლამდელთა ხელმძღვანელის რანგში მიიპყრო.

ქართული ფეხბურთის საერთაშორისო მომავალი

საქართველოს ეროვნული ნაკრები თავისი განვითარების პერსპექტიულ და საინტერესო ფაზაშია. ქართულ ბანაკში კარგი ატმოსფეროა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლამ უდიდესი აღმაფრენა გამოიწვია.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, მიზანი და პრიორიტეტი დიდ სანაკრებო ტურნირზე მოხვედრაა, ამის შესაძლებლობა საქართველოს ევრო 2024-ზე ექნება.

„საქართველო ჯერჯერობით განვითარებადი ქვეყანაა და ამითაა გამოწვეული საფეხბურთო სფეროში რესურსებისა და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. ამ კუთხით გაძლიერება საფეხბურთო სტანდარტების გაუმჯობესებასაც გამოიწვევს. ქართულ ფეხბურთს აქვს დიდი მომავალი, მაგრამ მიზნის მისაღწევად კიდევ უფრო მეტი შრომა და განვითარებაა საჭირო“, – წერს ჟურნალისტი რაფაელ ადელუგბა.