ექსკლუზივი | ჰალიდ დოლტმურზიევის ქართველი მენეჯერი - საქართველოს ნაკრებში თამაში ამჯობინა, რადგან ინგუშებს ქართველები ძალიან უყვართ #1TVSPORT
ექსკლუზივი | ჰალიდ დოლტმურზიევის ქართველი მენეჯერი - საქართველოს ნაკრებში თამაში ამჯობინა, რადგან ინგუშებს ქართველები ძალიან უყვართ #1TVSPORT

საქართველოს პირველმა არხმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა სამენეჯრო კომპანია S&P Sports Agency-ს დამფუძნებელს, სანდრო ჭელიძეს – ფიფა-ს ლიცენზირებული აგენტი „ბრიუგეს“ ინგუში მოთამაშის, ჰალიდ დოლტმურზიევის მენეჯერია, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურს.

„ჰალიდ დოლტმურზიევის მომავალზე მისი ოჯახის სურვილით ვზრუნავთ და შვილივით ვპატრონობთ. ჰალიდს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ დიდი გუნდის წევრი გახდეს. ნამდვილი პროფესიონალია, სულ მოგებაზე და გოლების გატანაზეა ორიენტირებული. მის მებრძოლ ხასიათზე ისიც მეტყველებს, რომ ძალიან ხშირად გადამწყვეტი გოლები გააქვს.

ჰალიდთან კონტრაქტის გაფორმება „ბრიუგეს“ მთავარ გუნდსაც სურს, ინტერესი პორტუგალიისა და იტალიის კლუბებმაც გამოიჩინეს, მაგრამ ამ ეტაპზე ბელგიური კლუბის დატოვება არ გვსურს. მას ბელგიისა და რუსეთის ნაკრებები იწვევდნენ, მაგრამ თავად საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტა, რადგან ასეთია მისი და ოჯახის სურვილი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში თამაშის შემთხვევაში გუნდს გააძლიერებს და, საერთოდ, საქართველოსთვის ძალიან კარგი შენაძენი იქნება.

მამამისი ახალგაზრდობაში საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა, აქ ნათესავებიც ჰყავს, რაც მთავარია, საქართველო მთელ ოჯახს სიგიჟემდე უყვარს და ეს იყო გადაწყვეტილების მიღებს მთავარი მიზეზი. ქართველებსა და ინგუშებს ისედაც ძმური ურთიერთობები გვქონდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. ომის დროს ინგუშები რომ გადაასახლეს, როდესაც სამშობლოში დაბრუნდნენ, მათი სახლები უსიტყვოდ მხოლოდ ქართველებმა დატოვეს – ამას ინგუშები დღემდე იხსენებენ“, – ამბობს სანდრო ჭელიძე.