გაიცანით გაიას ჰიპოთეზა — თეორია, რომლის თანახმადაც, დედამიწა საკუთარ თავს ცოცხალი არსების მსგავსად არეგულირებს #1tvმეცნიერება
დედამიწა გადაურჩა ასტეროიდთა დაცემებს, ვულკანურ კატასტროფებს, გამყინვარების ეპოქებს, მზის სიკაშკაშის დრამატულ ცვლილებებს. მიუხედავად ამისა, ის მაინც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი დარჩა მილიარდობით წლის განმავლობაში.
უბრალოდ სასწაულებრივი იღბალი იყო? ან იქნებ თავად სიცოცხლე დაეხმარა პლანეტას, რომ სიცოცხლისთვის ხელსაყრელი დარჩენილიყო?
თითქოს სამეცნიერო ფანტასტიკასავით ჟღერს. თუმცა, ეს იდეა დაფასებულმა ბრიტანელმა მეცნიერმა განავითარა და გავლენა იქონია მკვლევრების შეხედულებაზე სიცოცხლესა და პლანეტას შორის ურთიერთობის თაობაზე.
ის გაიას ჰიპოთეზის სახელითაა ცნობილი და გვთავაზობს, რომ დედამიწის ცოცხალი ორგანიზმები, ატმოსფერო, ოკეანეები, ნიადაგი და და ქანები ქმნიან ერთ უზარმაზარ, ურთიერთდაკავშირებულ სისტემას.
უკუკავშირის უთვალავ მარყუჟს შორის, ეს სისტემა შეიძლება დედამიწას სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო პირობების შენარჩუნებაში დაეხმარა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლე დედამიწაზე შეიძლება უბრალოდ კი არ არსებობს, არამედ მის ფუნქციონირებას უწყობდეს ხელს.
იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავს ეს, წარმოიდგინეთ ჩვენი სხეული.
როცა ძალიან გცხელათ, ოფლი მოგდით. როცა გცივათ, კანკალებთ. თქვენი სხეული მუდმივად ერგება გარემოს, რათა შინაგანი გარემო უსაფრთხო დიაპაზონში შეინარჩუნოს. ამ პროცესს ჰომეოსტაზი ეწოდება.
ბრიტანელ ქიმიკოს ჯეიმს ლავლოკს აინტერესებდა, აკეთებდა თუ არა დედამიწაც რაღაც მსგავსს. ეს პროვოკაციული შესაძლებლობა 1970-იან წლებში მან ამერიკელ მიკრობიოლოგ ლინ მარგულისთან ერთად შეისწავლა.
ფოტოსინთეზური ორგანიზმები ატმოსფეროს ჟანგბადით ავსებენ. მიკროორგანიზმები წარმოქმნიან და გარდაქმნიან აირებსა და ნაერთებს, რომლებიც შეიცავს მეთანს, აზოტს, გოგირდს და სხვა ელემენტებს. ერთობლივად, ბიოლოგიური პროცესები განუწყვეტლივ ცვლის ატმოსფეროსა და დედამიწის ზედაპირის ქიმიურ შემადგენლობას.
ვერცერთი ეს ორგანიზმი ვერ იგებს, რას აკეთებს. არ არსებობს პლანეტური საკონტროლო ოთახი ან მიკრობთა კომიტეტი, რომელიც გადაწყვეტს, რამდენად თბილი უნდა იყოს პლანეტა დედამიწა.
მათი ქმედებები ცვლის გარემოს და გარემოს ეს ცვლილებები შემდეგ ამ ორგანიზმებზე ზემოქმედებს. შედეგად ვიღებთ უკუკავშირის უზარმაზარ მარყუჟებს, რომლებიც აკავშირებს სიცოცხლეს, ჰაერს, წყალსა და ქანებს.
იმის საჩვენებლად, გონების გარეშე როგორ შეიძლება გაჩნდეს რაღაც პლანეტური რეგულირების მსგავსი, ლავლოკმა და ენდრიუ უოტსონმა შექმნეს ფიქციური პლანეტის, სახელად „გვირილების პლანეტის“ მოდელი.
ამ ჰიპოთეტურ გვირილების პლანეტაზე მხოლოდ ორი სახის სიცოცხლე არსებობს: შავი გვირილები და თეთრი გვირილები.
შავი გვირილები მზის სინათლეს შთანთქავენ და მიმდებარე გარემოს ათბობენ. თეთრი გვირილები კი მზის სინათლეს ირეკლავენ და გარემოს აგრილებენ. როცა პლანეტაზე აცივდება, შავი გვირილები ყვავიან და მის გათბობას უწყობენ ხელს. ტემპერატურის აწევასთან ერთად, უპირატესობა თეთრი გვირილების ხელში გადადის და ისინი უკვე პლანეტის გაგრილებას უწყობენ ხელს.
მკვლევრები გვთავაზობენ, რომ გვირილები ამით საკუთარი პლანეტის გადარჩენას არ ცდილობენ. ისინი უბრალოდ იზრდებიან იმ გარემოში, რომელიც მათთვისაა ხელსაყრელი. მიუხედავად ამისა, მათი შეჯიბრება პლანეტური თერმოსტატივით მოქმედებს — სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ტემპერატურას იმაზე დიდხანს ინარჩუნებს, ვიდრე სხვაგვარად იქნებოდა შესაძლებელი.
რა თქმა უნდა, აზროვნების ეს ექსპერიმენტი არ ამტკიცებს, რომ დედამიწა ცოცხალია.
თუმცა, აჩვენებს, რომ პლანეტა შეიძლება საკუთარ თავს ცნობიერების, წინდახედულობის ან გენერალური გეგმის გარეშე არეგულირებდეს.
ამ ჰიპოთეზას ყოველთვის ჰყავდა სკეპტიკოსები. ბიოლოგები მიუთითებდნენ, რომ თუკი ორგანიზმები პლანეტას, როგორც მთლიანობას, სიცოცხლისთვის არეგულირებენ, ბუნებრივი გადარჩევა ამის გამომწვევ აშკარა მექანიზმს არ გვთავაზობს — გადარჩევა მოქმედებს სახეობის შიგნით არსებულ ინდივიდებზე და არა პლანეტებზე.
„გვირილების ქვეყნის“ მოდელის შექმნის მიზეზი ნაწილობრივ ამ კრიტიზიცმზე პასუხის გაცემა იყო, რადგან აჩვენებს, რომ თვითრეგულირება შეიძლება გაჩნდეს ჩვეულებრივი კონკურენციის საფუძველზე და არა თანამშრომლობის ან წინდახედულობის ნიადაგზე.
და სწორედ აქ ხდება გაიას ჰიპოთეზა იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ გასართობი აზროვნების ექსპერიმენტი.
თუკი დედამიწა თვითრეგულირებად სისტემას ჰგავს, მაცდურია ვივარაუდოთ, რომ პლანეტა შეასწორებს ადამიანების მიერ მიყენებულ ზიანს. მაგრამ გაია დამცველი დედა არაა, რომელიც ყოველთვის აღადგენს სამყაროს ისეთად, როგორსაც ჩვენ მას ვიცნობთ.
სისტემას შეუძლია საკუთარი თავის რეგულირება ისე, რომ ეს მისი ზოგიერთი ბინადრისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს.
დედამიწამ წარსულში მრავალი მასობრივი გადაშენება გადაიტანა. სიცოცხლე გაგრძელდა, მაგრამ გაქრა უთვალავი სახეობა. შესაბამისად, თვითრეგულირებადიო პლანეტა აუცილებლად არ ნიშნავს ისეთს, რომელიც ყოველი სახეობისთვის უსაფრთხო რჩება, მათ შორის ჩვენთვისაც.
აქ ჩნდება გაიას მიერ წარმოქმნილი ყველაზე უსიამოვნო კითხვა: იწვევენ თუ არა ადამიანები პლანეტურ ცვლილებას, რომელმაც შეიძლება გაგვანადგუროს, მაგრამ წარმოქმნას ისეთი გარემო პირობები, რომელიც ხელსაყრელი იქნება შემდეგი, სხვა სახეობისთვის?
წიაღისეული საწვავის წვა და ეკოსისტემების განადგურება ამჟამად პლანეტური მასშტაბით ცვლის ატმოსფეროს, ოკეანეებს და კლიმატს. ზოგიერთ ამ ცვლილებას შეუძლია გაააქტიუროს უკუკავშირის მარყუჟები, რომლებიც თავდაპირველ პრობლემას კიდევ უფრო აუარესებს.
ყინულის დნობისას ჩნდება მუქი ხმელეთი და წყალი, რომლებიც კიდევ უფრო მეტ სინათლეს შთანთქავენ, რაც დამატებით დათბობას იწვევს. მუდმივად გაყინული ნიადაგების (მრავალწლოვანი მზრალობა) დნობა სათბურის აირებს ათავისუფლებს. ტყეების გახმობა იწვევს იქ შენახული ნახშირბადის გამოთავისუფლებას.
გარკვეულ გარდამტეხ წერტილთა მიღმა, სისტემის რაღაც ნაწილებმა შეიძლება ცვლილება მაშინაც გააგრძელოს, თული მოგვიანებით ადამიანები შეამცირებენ იმ წნეხს, რომელმაც ეს პროცესი დაიწყო.
ამიტომ, ზოგიერთმა მკვლევარმა დასვა კითხვა, შეიძლება თუ არა კაცობრიობა გახდეს პლანეტური რეგულირების უფრო მიზანმიმართული ფორმის ნაწილი.
2022 წელს გამოქვეყნებული კვლევა დედამიწას აღწერს, როგორც „მოუმწიფებელი ტექნოსფეროს“ მქონეს. ჩვენი ტექნოლოგიები საკმარისად მძლავრია, რათა მთლიანი პლანეტა შეცვალოს, მაგრამ ჩვენი კოლექტიური გონი ჯერ იმდენად განვითარებული არაა, რომ შედეგები აკონტროლოს.
ზოგიერთი ასტროფიზიკოსის აზრით, დედამიწაზე გონი არსებობს, მაგრამ კაცობრიობას ჯერ არ მიუღწევია პლანეტური გონის მომწიფებული ფორმისთვის.
გაიას ჰიპოთეზა არ ამტკიცებს, რომ ჩვენი პლანეტა ფიქრობს, გეგმავს ან ზრუნავს იმაზე, გადარჩებიან თუ არა ადამიანები.
დედამიწა რეაგირებს ჩვენ მიერ გამოწვეულ ცვლილებებზე. თუმცა, სულაც არაა აუცილებელი, რომ მისი რეაგირება ჩვენს გადასარჩენად იყოს განკუთვნილი.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.