გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილე - არ ვფიქრობთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა კარგი ვარიანტია, რადგან ეს უკრაინულ ძალებს გადაჯგუფების შესაძლებლობას მისცემს
გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილე - არ ვფიქრობთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა კარგი ვარიანტია, რადგან ეს უკრაინულ ძალებს გადაჯგუფების შესაძლებლობას მისცემს

გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილე დმიტრი პოლიანსკი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოცემულ მომენტში არ არის კარგი ვარიანტი, რადგან ეს უკრაინის ძალებს მისცემს „გადაჯგუფებისა და მეტი პროვოკაციების დადგმის“ შესაძლებლობას. ამის შესახებ პოლიანსკიმ გაერო-ში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

„იყო მოწოდება ცეცხლის შეწყვეტისკენ და ჩვენ გავხსენით ჰუმანიტარული დერეფნები, რომლებსაც არ იყენებს უკრაინა. უკრაინა ასევე ჩრდილს აყენებს დერეფნების გახსნისკენ მიმართულ ჩვენს ძალისხმევას. ასე რომ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა კარგი ვარიანტია ახლა, რადგან ერთადერთი უპირატესობა, რომელსაც ის იძლევა, არის უკრაინული ძალების შესაძლებლობა, გადაჯგუფდნენ და დადგან მეტი პროვოკაცია, როგორიც იყო ბუჩაში, რაზეც მე გითხარით. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, თუმცა მე ამჟამად ამის ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ. ყველას, ვისაც სურს ევაკუაცია, მაგალითად მარიუპოლიდან, ამის გაკეთების შესაძლებლობა აქვს, რადგან ჩვენ გავხსენით ჰუმანიტარული დერეფნები. ის დღესაც ღია იყო. ისინი ამბობენ, რომ აზოვსტალში“ იმყოფებიან მოქალაქეები, თუმცა მათ წასვლის საშუალებას არ აძლევენ, ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

25 აპრილს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მარიუპოლის მეტალურგიულ კომბინატ „აზოვსტალთან“ ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან ცეცხლს შეწყვეტდა, რათა მოქალაქეებს გასვლის საშუალება მისცემოდათ. თუმცა, უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშუკმა განაცხადა, რომ არანაირი შეთანხმება არ ყოფილა მიღწეული. მან რუსულ მხარეს უსაფრთხოების გარანტიების წერილობით დაფიქსირებისკენ მოუწოდა.