„გაბედეს“ და „სირცხვილიას“ წევრები შსს-თან აქციას მართავენ [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია მიმდინარეობს.

აქციას „გაბედეს“ და სირცხვილიას“ წევრები მართავენ. მათი თქმით, სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილი  15 წლის მოზარდის ოჯახის წევრებს.

აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ და გზაზე წარწერას  „ამ ცხოვრების დედაც“ აკეთებდნენ.

სამართალდამცველებმა მათ გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდეს, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

ამ დროსათვის ინციდენტი ამოწურულია.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.

12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

დატოვე კომენტარი