ფრენსის ნგანუს ტაისონ ფიურისთან ორთაბრძოლაში მაიკ ტაისონი მოამზადებს #1TVSPORT
ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონი UFC-ის ყოფილ ჩემპიონს, ფრენსის ნგანუს მოამზადებს სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონთან, ტაისონ ფიურისთან ორთაბრძოლისთვის.
ეს ბრძოლა 29 ოქტომბერს გაიმართება. შეხვედრა ათი 3-წუთიანი რაუნდისგან იქნება შემდგარი და მისი შედეგი შეტანილი იქნება ორივე მებრძოლის პროფესიულ სტატისტიკაში, მაგრამ არ გათამაშდება ფიურის საჩემპიონო ქამარი, რადგან ნგანუ არ შედის WBC-ის რეიტინგში.
„საიდუმლო არ არის, რომ მე 100 პროცენტით ნგანუს მხარეს ვარ ჩემპიონთა ამ დაპირისპირებაში. მას მძლავრი დარტყმა აქვს და როცა ის მიზანს აღწევს, თამაში დამთავრებულია.
მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, რომ ვიმუშავო ნგანუსთან და დავეხმარო მას ოქტაგონიდან საკრივო რინგზე გადასვლაში. ის არ არის ახალბედა ორთაბრძოლებში, ის მსოფლიოს ჩემპიონია. გადამწყვეტი მომენტი იქნება მისი ენერგიისა და საბრძოლო თვისებების შერწყმა დარტყმებთან, აგრეთვე, მისი მოხერხებულობის გამოყენება და რინგზე სწრაფად გადაადგილების უნარი. ამას უნდა მოჰყვეს ნოკაუტის მომტანი დარტყმა. ჩვენ აქ ვართ, რომ გავიმარჯვოთ“, – განუცხადა გაზეთ The Mirror-ს მაიკ ტაისონმა.