ფრენბურთში 16-წლამდელ გოგონათა ტურნირი ხვალ დასრულდება - საქართველო უკრაინასთან დამარცხდა
დიდ დიღომში, ოლიმპიურ ქალაქში მდებარე ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე 16-წლამდელ გოგონათა შორის აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ამავე დროს, ეს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია.
საქართველოს გოგონათა ნაკრებმა სამიდან ერთი შეხვედრა მოიგო (აზერბაიჯანთან) და დღეს უკრაინას დაუპირისპირდა. ამ შეხვედრაში ირკვეოდა, საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები საუკეთესო ექვსეულში მოხვედრას მოახერხებდა თუ არა.
სამწუხაროდ, ერთ-ერთმა ფავორიტმა უკრაინამ შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და ჩვენი ნაკრები სამ სეტში დაამარცხა 3:0 (25:12, 25:7, 25:13). გადამწყვეტ მატჩები ხვალ გაიმართება და ადგილები გადანაწილდება – პირველობისთვის ერთმანეთს რუსეთისა და პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები კი მეშვიდე-მერვე ადგილებისთვის ხვალ ლიეტუვას შეხვდება.
„ჯერ ჩვენი ნაკრები ფორმირების პროცესშია. ამავე დროს, ძლიერ ჯგუფში მოვხდით და ფრენბურთში გაცილებით დიდი ტრადიციების მქონე ქვეყნების ნაკრებებთან წარმატების მიღწევა ასე მალე, რთულია. თუმცა, მე მომავალს მაინც იმედიანად ვუყურებ, რადგან ამ თაობასთან მუშაობით შეიძლება, შედეგი მივიღოთ“ – ამბობს საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ჩაჩუა.