ჰოლანდიაში მიმდინარე 17-წლამდელ გოგონათა 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ფრედ დაასრულა.
ქართველები შვედეთს დაუპირისპირდნენ და მატჩი 1:1 დაასრულეს. გრავენზადეს „ჯულიანა-პარკზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში შვედებმა 24-ე წუთზე გახსნეს: სვეტლანა გაბელაიას კარი ზუსტი დარტყმით ნინა კოპანგმა აიღო. ლევან ბაჯელიძის გუნდმა წონასწორობის აღდგენა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება მატჩის მიწურულს მოახერხა, 78-ე წუთზე შვედებს ნათელა წოწერიამ გაუტანა და ფრე 1:1 დაფიქსირდა.
ჩვენი ჯგუფის პირველ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები მასპინძელ ჰოლანდიასთან, 0:16 განადგურდა და საქართველო, ორ თამაშში მოპოვებული ქულით, საკვალიფიკაციო ეტაპის მე-11 ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს.
შვედეთი 1:1 საქართველო
გოლები: 1:0 კოპანგი (24), 1:1 წოწერია (78)
საქართველო: გაბელაია, ქადაგიშვილი, გურიელიძე, რაუხი, აკობიძე, დანელია, ეჯიბია, ბებია, ბოლქვაძე, წულაია, წოწერია (90′ ცაავა)
სათადარიგოები: მჟავია, გოციტიძე, მწყერაშვილი, გოროზია, თავართქილაძე, რომანჩუკი
მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას 23 ოქტომბერს, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს.