Fox News - აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ცოცხალია
Fox News - აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ცოცხალია

ტელეკომპანია Fox News-ი ერაყის შსს-ს დაზვერვისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ცოცხალია და სირია-ერაყის სასაზღვრო ზონაში იმალება.

„ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გვაქვს, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიის ქალაქ ჰაჯინში იმყოფება. ეს ქალაქი დეირ ელ-ზორის პროვინციაში, ერაყის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს“, – აცხადებს ერაყის შსს-ს დაზვერვისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი აბუ ალი ალ-ბასრი.

გავრცელებული ცნობით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შესახებ ინფორმაცია ერაყის დაზვერვამ რამდენიმე დღის წინ მოიპოვა. ერაყის მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ დაეშის ლიდერმა სამჯერ მიიღო სერიოზული ჭრილობები, ორჯერ ერაყში და ერთხელ სირიაში. დეირ ელ-ზორის პროვინციაში ალ-ბაღდადის შეპყრობის ოპერაციას რუსეთის, სირიისა და ირანის სამხედროები ატარებენ.

გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულია.