ფოთში სტადიონის მშენებლობა აგვისტომდე დასრულდება
ფოთში სტადიონის მშენებლობა აგვისტომდე დასრულდება

ფოთის „ფაზისის“ სტადიონის განახლება სავარაუდოდ, აგვისტოში დასრულდება და ეროვნული ლიგის თამაშების მასპინძლობისთვის მზად იქნება. ამის შესახებ პირველ არხს „კოლხეთი 1913“- ის წარმომადგენელმა ვახტანგ თოფურიამ განუცხადა.

„ბალახის საფარის დაგება გუშინ დაიწყო, რასაც ფეხბურთის ფედერაცია აფინანსებს. პარალელურად, ტრიბუნის მშენებლობა მიმდინარეობს. პროცესი ტექნიკური საკითხის გამო შეფერხდა. საქმე ეხებოდა გადახურვის კონსტრუქციას – ხარვეზი გამოსწორდა და დროში ამიტომ გაიწელა. რაც მთავარია, დასავლეთის ტრიბუნები ამოყვანილია და 1700-მდე მაყურებელს დაიტევს. შემდეგი ეტაპია გადახურვა და ინდივიდუალური სკამები დამონტაჟება. იმედი გვაქვს, რომ „კოლხეთი“ ფოთში დაბრუნდება და მეორე წრეში „ფაზისის“ სტადიონზე ითამაშებს. დარჩენილი სამი მხარის ტრიბუნების მშენებლობა კი მომავალი წლიდან იგეგმება”, – ამბობს თოფურია.