„ფლუმინენსემ“ ლიბერტადორესის თასი პირველად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
„ფლუმინენსემ“ ლიბერტადორესის თასი პირველად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

რიო-დე-ჟანეიროს „მარაკანას“ სტადიონზე ლიბერტადორესის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც ბრაზილიური „ფლუმინენსე“ და არგენტინული „ბოკა ხუნიორსი“ შეხვდნენ ერთმანეთს.

პირველი ტაიმი „ფლუმინენსემ“ არგენტინელი ხერმან კანოს მიერ 36-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო. „ბოკა ხუნიორსმა“ 72-ე წუთზე საჯარიმოს გარედან პერუელი ლუის ადვინკულას ზუსტი დარტყმით გაათანაბრა.

თამაშის ბედი დამატებით დროში გადაწყდა, როცა 99-ე წუთზე ჯონ კენედიმ „ფლუმინენსეს“ გაამარჯვებინა – 2:1.

გუნდებმა 10-10 ფეხბურთელით დაასრულეს შეხვედრა: 102-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი ჯონ კენედიმ მიიღო, 105-ე წუთზე კი პირდაპირი წითელი ბარათით დასაჯეს „ბოკას“ კოლუმბიელი ლეგიონერი ფრანკ ფაბრა.

„ფლუმინენსემ“ ისტორიაში პირველად მოიგო ლიბერტადორესის თასი. მანამდე გუნდმა ერთხელ ითამაშა ფინალში – 2008 წელს ორი მატჩის ჯამში დამარცხდა ეკვადორის „ლდუ კიტოსთან“ (2:4, 3:1, პენალტებით – 1:3).

„ბოკა ხუნიორსი“ მეთორმეტედ იყო ფინალში, რაც ტურნირის რეკორდია, მაგრამ ვერ შეძლო თასის მეშვიდედ მოგება, რითიც გაუთანაბრდებოდა რეკორდსმენ „ინდეპენდიენტეს“ (არგენტინა).

ბრაზილიურმა კლუბებმა ზედიზედ მეხუთედ მოიგეს ლიბერტადორესის თასი. მანამდე ორ-ორი ტიტული მოიპოვეს „ფლამენგომ“ (2019, 2022) და „პალმეირასმა“ (2020, 2021).

სულ ბრაზილიურ კლუბებს ლიბერტადორესის თასი 23-ჯერ მოუგიათ. არგენტინული კლუბები ლიდერობენ 25 ტიტულით.