ფიზიკაში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატი აცხადებს, რომ ეგზოპლანეტების კოლონიზაციას ვერასოდეს შევძლებთ
ფიზიკაში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატი აცხადებს, რომ ეგზოპლანეტების კოლონიზაციას ვერასოდეს შევძლებთ

რამდენიმე დღის წინ, შვეიცარიელმა ასტროფიზიკოსმა მიშელ მაიორმა ნობელის პრემია ეგზოპლანეტების აღმოჩენისთვის მიიღო. ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მაიორმა გააცამტვერა მრავალი სხვა მეცნიერის იმედი ეგზოპლანეტების კოლონიზაციის შესახებ.

„თუ ეგზოპლანეტების შესახებ ვსაუბრობთ, ყველაფერი ნათელი უნდა იყოს — ჩვენ იქ ვერ გადავბარგდებით“, — უთხრა მაიორმა Agence France-Presse-ს, როცა მას სხვა პლანეტების კოლონიზაციაზე ჰკითხეს.

მაიორის განცხადებით, მთავარი პრობლემა სიშორეა. როგორც იგი აღნიშნავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადმე ახლომახლოს, რამდენიმე სინათლის წლის მანძილზე, სიცოცხლისათვის ხელსაყრელ პლანეტას ვიპოვით, უნდა გავითვალისწინოთ იქ წასვლისთვის საჭირო დრო.

მაიორის თქმით, საქმე ეხება ასობით მილიონ დღეს, რაც იქამდე მისაღწევად დღეს არსებული ტექნოლოგიებით დაგვჭირდება.

როგორც მაიორმა AFP-ს განუცხადა, მას ძალიან აღიზიანებს ნებისმიერი ის განცხადება, რომლის მიხედვითაც, კლიმატის ცვლილების გამო მოახლოებული საშიშროება დიდი არაფერია, რადგან ჩვენ უბრალოდ სხვა პლანეტაზე გადავსახლდებით, თუკი ერთ დღესაც დედამიწა სიცოცხლისათვის უვარგისი გახდება.

„ამის ნაცვლად, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე. დედამიწა უზომოდ მშვენიერია და სიცოცხლისათვის ჯერ კიდევ აბსოლუტურად გამოსადეგი“, — აღნიშნა 2019 წელს ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატმა მიშელ მაიორმა.