ფილიპე კოუტინიო პრემიერლიგას უმიზნებს
ფილიპე კოუტინიო პრემიერლიგას უმიზნებს

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო, რომელიც იჯარის წესით მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობს, პრემიერლიგის ერთ-ერთ კლუბში აპირებს კარიერის გაგრძელებას, იტყობინება ესპანური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“.

როგორც ირკვევა, „ბავარია“ ბრაზილიელის შეძენას არ გეგმავს და არც „ბარსელონა“ აპირებს მის შენარჩუნებას. რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, მას არც „პარი სენ-ჟერმენში“ სურს გადასვლა და არც მილანის „ინტერში“ დაბრუნება, სადაც 2008-13 წლებში თამაშობდა, პრიორიტეტულ ვარიანტად კი პრემიერლიგის ერთ-ერთ გუნდს განიხილავს.

კერძოდ, როგორც ესპანელი ჟურნალისტები იტყობინებიან, კოუტინიოს შეძენით „ტოტენჰემია“ დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ცხრა გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. მთლიანობაში, მან „ბაიერნის“ შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა.