„ბარსელონა“ ზამთრის გეგმებზე ჩამოყალიბდა
„ბარსელონა“ ზამთრის გეგმებზე ჩამოყალიბდა

ზამთრის უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსელონა“ შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს, – იტყობინება ინტერნეტ-გამოცემა Sport.es. წყაროს ცნობით, კატალონური კლუბი აპირებს „ლიონის“ ფორვარდის მემფის დეპაისა და „მანჩესტერ სიტის“ მცველის ერიკ გარსიას დამატებას.

წლევანდელ სეზონში დეპაიმ „ლიონში“ 16 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2021 წლის ივნისამდეა ძალაში.

ერიკ გარსია – „ბარსელონას“ აღზრდილია. 2016 წელს ის „მანჩესტერ სიტიში“ 1.7 მილიონ ევროდ გადავიდა. ამ სეზონში მან პრემიერლიგაში სამი მატჩი ჩაატარა.

პარალელურად, გაზეთი „მარკა“ წერს, რომ „ბარსელონამ“ განაახლა აქტიური მოლაპარაკებები „ინტერთან“ ფორვარდ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე. 24 წლის არგენტინელი კატალონელებს, შესაძლოა, 100 მილიონ ევროზე ნაკლები დაუჯდეთ. სწორედ ამ თანხას ითხოვს თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიური კლუბი.

ფასის შესამცირებლად, „ბარსელონა“ აპირებს გარიგებაში ჩართოს თავისი ერთი ან რამდენიმე ფეხბურთელი. „ინტერში“ გადასვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ფორვარდი ფილიპე კოუტინიო სახელდება.

ბრაზილიელი ფეხბურთელის შესახებ წერენ, რომ მან წააგო კონკურენცია 18 წლის პედრისთან, რომელსაც გუნდის მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი უფრო მეტად ენდობა. თანაც, კოუტინიო მეოთხე „ბარსელონაში“ ხელფასის ოდენობით (23 მილიონი ევრო წელიწადში). მასზე მეტს მხოლოდ ანტუან გრიზმანი, მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი და ლიონელ მესი იღებენ.

მიმდინარე სეზონში კოუტინიომ ლა ლიგაში ცხრა მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი