კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) პრეზიდენტის ორასიო მურატორეს განცხადებით, მიუხადავ იმისა, რომ არსებული სანაკრებო სისტემა კონფლიქტშია საკლუბო ტურნირებთან, მისი ორგანიზაცია კმაყოფილია ეროვნული ნაკრებებისთვის „ფანჯრების“ გამოყოფით. შეგახსენებთ, რომ სწორედ აღნიშნული „ფანჯრების“ გამო, საუკეთესო კალათბურთელები თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში ვერ თამაშობენ. უახლოეს მომავალში, FIBA ამ საკითხში რაიმეს შეცვლას არ აპირებს.
„ამ სისტემის ამოქმედებამდე, კალათბურთი იყო ერთადერთი გუნდური სახეობა, რომელშიც ნაკრების მატჩები არ იმართებოდა მთელი წლის განმავლობაში. პრაქტიკულად ყველა წარმატებულ გუნდურ სახეობაში ეს ასე იყო, გარდა კალათბურთისა. ფეხბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, ჰოკეიში ეს ასე ხდება. მოთამაშეები მთელს მსოფლიოში მოგზაურობენ. ვხედავთ ყველა კონტინენტზე საკვალიფიკაციო მატჩების დროს გადავსებულ დარბაზებს და გახარებულ გულშემატკივრებს, გვესმის მოთამაშეთა კომენტარები შინ ჩატარებული მატჩების შესახებ, აგრეთვე, კალათბურთიდან წასული ვეტერანების სინანული, რომ მათ ადრე არ ჰქონდათ საშინაო პუბლიკის წინაშე თამაშის საშუალება… ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მივაღწიეთ იმას, რაც გამიზნული გვქონდა. ჩვენი მოდელი წარმატებულია და ასე იქნება მომავალშიც,“ – განაცხადა სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას მურატორემ.