რომის „ლაციოს“ თავდამსხმელი ფელიპე კაისედო კმაყოფილია, რომ მისმა გუნდმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და იტალიის ჩემპიონატში „კალიარი“ დაამარცხა – 1:2.
შეხვედრის მე-8 წუთზე რომაელებმა გოლი გაუშვეს, მაგრამ ძალები მოიკრიბეს და ორი ბურთის გატანა შეძლეს. „ლაციოსა“ და „კალიარის“ შეხვედრაში გამარჯვების გოლი სწორედ ფელიპე კაისედომ გაიტანა.
„ჩვენ გამარჯვების ბოლომდე გვწამდა, – ციტირებს კაისედოს Sky Italia. – ჩვენს გუნდს შეუძლია თამაშში ბოლომდე დარჩეს.
მიხარია, რომ გოლი ისევ გავიტანე. ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი წარმატებას იმსახურებს. „კალიარი“ ძლიერი გუნდია, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. ამიტომ, ეს გამარჯვება სამ ქულაზე მეტს ნიშნავს.
ეს ჩვენი, ზედიზედ მერვე გამარჯვებაა ჩემპიონატში. ვიცით, რომ წინ დიდი გზა გვაქვს, მაგრამ გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. ვერაფერს ვიტყვი ჩემპიონობაზე, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.“