„ფეისბუქის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მცდარი განცხადებების სიას, რომლებიც პლატფორმაზე იბლოკება, ვაქცინასთან დაკავშირებული არასწორი განცხადებებიც დაემატება
„ფეისბუქის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გააფართოებენ ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული მცდარი განცხადებების სიას, რომელიც პლატფორმაზე იბლოკება. „როიტერის“ ინფორმაციით, ამ სიაში მოექცევა განცხადებები ვაქცინასთან დაკავშირებით, თითქოს ის მომწამვლელია ან აუტიზმს იწვევს.
სოციალური მედიის კომპანიამ ბლოგპოსტში განაცხადა, რომ კორონავირუსთან და მის ვაქცინებთან დაკავშირებული მცდარი მტკიცებების რაოდენობა იზრდება, რომელსაც პლატფორმა დაბლოკავს. მაგალითად, მტკიცება, რომელიც „კოვიდ-19“-ს, როგორც ადამიანის მიერ შექმნილ ვირუსს ან ვაქცინის საშიშროებას ეხება. ამგვარი მტკიცებები პლატფორმაზე განთავსებულ რეკლამებში უკვე აკრძალულია.
კომპანიამ პანდემიის დროს კორონავირუსის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო მკაცრი პოლიტიკა წარმოადგინა.
როგორც „ფეისბუქმა“ განაცხადა, იმ ჯგუფებს, გვერდებსა და ანგარიშებს წაშლის, რომლებიც მსგავს მიზნებს ემსახურებიან. კომპანიის თქმით, ის მომხმარებლებს იმის დადგენაშიც დაეხმარება, თუ სად და როდის შეძლებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას.