როჯერ ფედერერი რთული მოგებით დაბრუნდა
როჯერ ფედერერი რთული მოგებით დაბრუნდა

აპრილის შემდეგ, პროფესიულ ტურში პირველი მატჩი ჩაატარა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ბალახის სეზონი შტუტგარტის ტურნირზე გერმანელ მიხაელ ზვერევთან მატჩით დაიწყო.

ფედერერი მთელი მატჩი ფლობდა უპირატესობას, მაგრამ პირველ სეტში ოთხი ბრეიკ-პოინტის გამოყენება ვერ შეძლო, ზვერევმა კი პარტიაში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მერვე გეიმში გამოიყენა და შემდეგ, სეტზეც ჩააწოდა.

მეორე სეტის მეექვსე გეიმში ფედერერმა პირველად აიღო მეტოქის მოწოდება, მაგრამ იქვე გერმანელმა უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. სეტი ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, როცა როჯერმა “მშრალი” ანგარიშით აიღო ზვერევის გეიმი და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

რაც შეეხება მესამე პარტიას, ფედერერის ორ ბრეიკს ზვერევმა ვერაფერი დაუპირისპირა და შვეიცარიელმა საათსა და 35 წუთში 3:6, 6:4, 6:2 მოიგო.
ამ მოგებით როჯერი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე არგენტინელი გვიდო პეია ან ინდოელი პრაინეშ გუნესვარანი იქნება.

შტუტგარტში კიდევ ორი მატჩის მოგების შემთხვევაში, ფედერერი მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდება.