ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ, რომლის ბოლო სამუშაო ადგილი იყო ჩინური კლუბი “ჟიანსუ სუნინი“, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
“ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე კლუბებთან და ეროვნულ ნაკრებებთან მუშაობისას. “ჟიანსუ სუნინში” კარიერა – ჩემი ბოლო საფეხბურთო გამოცდილება იყო, ახლა კი პენსიაში ვარ. დღეს მე მაკმაყოფილებს კომენტატორის როლი”, – განაცხადა კაპელომ Rai Sport-სთან კომენტარში.
კაპელო ცნობილია “მილანში”, “რომაში”, “იუვენტუსში” და “რეალში” მუშაობით. ასევე იტალიელი სპეციალისტი სათავეში ედგა ინგლისისა და რუსეთის ნაკრებებს.
საკლუბო ფეხბურთში იტალიელმა ჯამში 16 სეზონი გაატარა და შვიდჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონობა, გარდა ამისა, აქვს ერთი მოგება ჩემპიონთა ლიგაზე.