ევროზონის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად შენელდა
ევროზონის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად შენელდა

ევროზონის ეკონომიკის ზრდა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში პროგნოზირებულზე ბევრად მეტად შენელდა. ზედიზედ მეათე თვეა, ეცემა ეკონომიკის მიმართ ნდობის ინდექსიც, რომელიც ბიზნესისა და მომხმარებლის განწყობას ზომავს. ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC -ი ევროპის სტატისტიკის ოფიციალური ორგანოს „ევროსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ევროსტატის“ მონაცემების მიხედვით, ევროზონაში შემავალ 19 ქვეყანაში ეკონომიკის ზრდა წლის მესამე კვარტალში წინა ორ კვარტალთან მიმართებაში 0.2 პროცენტით, წლიურ დონეზე კი 1.7 პროცენტითაა შენელებული.

სააგენტო Reuters-ის ანალიტკოსები მესამე კვარტალში თვის დონეზე 0.4 პროცენტიან, წლის დონეზე კი 1.8 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებდნენ.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეკონომიკის ზრდაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იტალიის ეკონომიკის ზრდის ტემპის ვარდნამ მოახდინა, რომელიც ევროზონის სიდიდით მესამე ეკონომიკაა. იტალიის ეკონომიკის ზრდაზე კი, ნეგატიურად რომსა და ბრიუსელს შორის იტალიის მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული დავა აისახა.

„ევროსტატის“ ინფორმაციით, უკვე ზედიზედ მეათე თვეა ეცემა ეკონომიკის მიმართ ნდობის ინდექსიც, რომელიც 2017 წელს სტაბილურად იზრდებოდა. ეს ინდიკატორი ევროზონაში მოქმედი ბიზნესებისა და მომხმარებლის გამოკითხვას ეყრდნობა და ოქტომბერში 109.8 პუნქტამდე დავარდა, რაც ყველაზე მკვეთრი ვარდნაა მარტის შემდეგ.

ეკონომიკის ნდობის ინდექსი შემცირებულია ევროზონის სამ უმსხვილეს ეკონომიკაში, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და იტალია, თუმცა გაიზარდა ესპანეთში.