ჯარედ კუშნერი – ისეთი მომავალი გვსურს, რომელშიც უკრაინა უსაფრთხოდ იქნება, ევროპა უფრო ძლიერი გახდება, რუსეთს ექნება რწმენა, რომ ნატო დაპირისპირებას არ ეძებს, ხოლო რუსეთი პატივს სცემს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს

10:35, 23.11.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მზადყოფნა, განიხილოს უკრაინისთვის ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მიცემა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რუსეთის მზადყოფნა, განიხილოს ასეთი გარანტიები, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ მას მშვიდობის მიღწევა ნამდვილად სურს.

„მე-5 მუხლის მსგავსი სანდო გარანტია, რომელიც შეკავებისა და კონფლიქტის პრევენციის მექანიზმებით იქნება გამყარებული, მნიშვნელოვნად შეამცირებს კიდევ ერთი ომის დაწყების რისკს. პრეზიდენტი ზელენსკი მართალია, როდესაც აცხადებს, რომ ეს გარანტიები უნდა იყოს კონკრეტული, სანდო და მკაფიოდ დოკუმენტირებული. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ ერთობლივად მე და სტივ უიტკოფი“, – წერს ჯარედ კუშნერი.

მისივე თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომლის აღებაც შეერთებულ შტატებს შეუძლია და ამ საკითხის განხილვა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

„დონალდ ტრამპს ნებისმიერი შემოთავაზებული გარანტიის დამტკიცება მოუწევს, კონსტიტუციითა და კონგრესით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით. ის ასეთ ნაბიჯს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ დარწმუნებული იქნება, რომ ეს აშკარად ემსახურება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს და რომ უსაფრთხოების უფრო ფართო მექანიზმები მნიშვნელოვნად შეამცირებს იმის ალბათობას, რომ ამ გარანტიის ამოქმედება ოდესმე საჭირო გახდეს. სწორედ ამიტომ, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საბოლოოდ განსაზღვრა, ომისშემდგომი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისგან იზოლირებულად შეუძლებელია. ეს ორი საკითხი ერთობლივად უნდა განიხილებოდეს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ჯარედ კუშნერის თქმით, უსაფრთხოების სფეროში ევროპული ინსტიტუტები და შეთანხმებები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

„ჩვენი მიზანია, მათი გაძლიერება, იმის დადგენა, თუ სად ვერ შეძლო არსებულმა მექანიზმებმა ამ ომის თავიდან აცილება და უფრო ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება მომავალში კონფლიქტების რისკის შესამცირებლად. ეს გულისხმობს კონსულტაციების მუდმივ არხებს, კრიზისულ კომუნიკაციას, სამხედრო დაპირისპირების პრევენციას, მეტ გამჭვირვალობასა და ესკალაციის შესამცირებელ ორმხრივ ზომებს. ჩვენ გვჭირდება ყველა მხარის განზრახვებისა და ვალდებულებების მკაფიო გაგება, ასევე პრაქტიკული მექანიზმები, რომლებიც სერიოზული უთანხმოების დროსაც იმუშავებს. ჩვენ გვსურს ისეთი მომავალი, რომელშიც უკრაინა უსაფრთხოდ იქნება, ევროპა უფრო ძლიერი გახდება, რუსეთს ექნება რწმენა, რომ ნატო დაპირისპირებას არ ეძებს, ხოლო ნატო-სა და მის პარტნიორებს ექნებათ რწმენა, რომ რუსეთი პატივს სცემს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას. ეს მოითხოვს განზრახვების მკაფიო დეკლარირებას, რაც გამყარებული იქნება სანდო და გადამოწმებადი ვალდებულებებით. ნებისმიერმა ჩარჩო შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის დაცვა. უსაფრთხოება ეკონომიკური სიძლიერითაც უნდა იყოს გამყარებული. უკრაინას სჭირდება გრძელვადიანი კეთილდღეობის რეალური გეგმა, რომელიც მოიცავს რეფორმებს მისი ინსტიტუტების, ეკონომიკისა და თვითკმარობის გასაძლიერებლად. აშშ-ისა და ევროპის მიერ აღებული მნიშვნელოვანი ვალდებულებები უკრაინის მხრიდან საკუთარი წარმატების მისაღწევად აღებული ვალდებულებებითაც უნდა იყოს გამყარებული. მომდევნო კვირებში, როგორც დახურულ შეხვედრებზე, ისე მრავალმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში, ვგეგმავთ, უკრაინასთან, ევროპელ პარტნიორებსა და რუსეთთან ერთად ვიმუშაოთ, რათა შევეცადოთ ამ უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით საერთო ხედვის მიღწევას. თუ შევძლებთ ისეთი ჩარჩოს შემუშავებას, რომელიც მკაფიო ვალდებულებებს, ორმხრივ პასუხისმგებლობებსა და მათი შესრულების სანდო მექანიზმებს მოიცავს, უფრო მეტად დავრწმუნდებით, რომ ყველა მხარე მზად არის მშვიდობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად. ვერაფერს ჩავთვლით შეთანხმებულად, ვიდრე შეთანხმება არ არის მიღწეული, თუმცა ამ ისტორიული მნიშვნელობის საკითხების განხილვისთვის მზადყოფნა სისხლისღვრის შეჩერების მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის. პრეზიდენტმა ტრამპმა „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებთან საუბრისას აღნიშნა, ის ასობით მილიარდი დოლარი, რომელიც ამჟამად ამ ომზე იხარჯება, სანაცვლოდ შესაძლებელია ჩვენს ეკონომიკებში ჩაიდოს – სამუშაო ადგილების შექმნაში, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში, ენერგორესურსებზე ფასების შესამცირებასა და ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში. ჩვენი მიზანია სუვერენული, უსაფრთხო, აყვავებული და თავისუფალი უკრაინა, უფრო ძლიერი და სტაბილური ევროპა და მდგრადი მშვიდობა, რომელიც ისეთ შეთანხმებებს დაეფუძნება, რომლებსაც კიდევ ერთი ომის დაწყების ალბათობის მნიშვნელოვნად შემცირება შეეძლება. სწორედ ეს არის ჩვენი წინაშე არსებული ამოცანა“, – წერს კუშნერი სოციალურ ქსელში.

მსგავსი