„ევროპული საქართველო“ საკომიტეტო მოსმენებში არც დღეს მიიღებს მონაწილეობას
„ევროპული საქართველო“ საკომიტეტო მოსმენებში არც დღეს მიიღებს მონაწილეობას

გახარიას წარდგენა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არის საზოგადოებაზე ძალადობა და ხელის გადაგრეხვის მცდელობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ საკომიტეტო ფორმატში მინისტრობის კანდიდატების მოსმენაში არც დღეს მიიღებს მონაწილეობას.

„გახარიას წარდგენა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არის საზოგადოებაზე ძალადობა და ხელის გადაგრეხვის მცდელობა. ამ სიტუაციაში ნორმალური პოლიტიკური დიალოგი ვერ იქნება, მით უმეტეს, არანაირი შეკითხვები არ შეიძლება არსებობდეს ცალკეულ მინისტრებთან, სადაც ფორმალურადაც კი არ განხორციელებულა არც ერთი ცვლილება. ეს ადამიანები პასუხისმგებლები არიან სასამართლო სისტემის უმძიმეს კრიზისში შეყვანაში, სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკურ იარაღად ქცევასა და ყველა იმ სერიოზულ, მავნებლურ ნაბიჯში, რომელსაც „ქართული ოცნება“ დგამდა სამართალდამცავი სისტემის მიმართულებით. ამიტომ, არანაირი შეკითხვა ამ ადამიანებთან ჩვენ არ გვაქვს და ამ ფორმატში არანაირ განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი 4 სექტემბრიდან დაიწყო. გუშინ, მინისტრობის კანდიდატებთან, საკომიტეტო მოსმენებს არ ესწრებოდნენ„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღესაც გაგრძელდება.

დღის პირველ ნახევარში ჩანიშნულია ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურის, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ ქეთევან ციხელაშვილის მოსმენა იგეგმება.

დღის მეორე ნახევარში ხუთი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა გაიმართება, სადაც მოუსმენენ – ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატ ნათია თურნავას, ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ მაია ცქიტიშვილს, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატ ლევან დავითაშვილს, ასევე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ივანე მაჭავარიანს.