პარლამენტში დავით ზალკალიანს, მიხეილ ბატიაშვილსა და ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ
პარლამენტში დავით ზალკალიანს, მიხეილ ბატიაშვილსა და ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღეიდან დაიწყება. მინისტრობის კანდიდატებს დღეს, საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ.

დეპუტატების წინაშე პირველად საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წარდგება, რომელსაც დეპუტატები სამი კომიტეტის – საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ.

დღის მეორე ნახევარში შესაბამისი კომიტეტები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ.

კომიტეტების სხდომა გაიმართება 5 სექტემბერსაც, სადაც კანონმდებლები ძალოვანი და ასევე ეკონომიკის დარგის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

ბიუროს მიერ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, მთავრობის განახლებულ შემადგებლობას 6-7 სექტემბერს ფრაქციების ფორმატში მოუსმენენ, 8 სექტემბერს კი, პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის დამტკიცებისთვის „ქართულ ოცნებას“ 76 დეპუტატის მობილიზება დასჭირდება.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა. თავის მხრივ, გიორგი გახარიამ შს მინისტრად ვახტანგ გომელაურის, ხოლო თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურები წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

ამასთან, მთავრობის შემადგენლობაში სხვა ცვლილებები არ იგეგმება.