საკომიტეტო ფორმატში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დღესაც გაგრძელდება
საკომიტეტო ფორმატში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დღესაც გაგრძელდება

პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღესაც გაგრძელდება.

დღის პირველ ნახევარში ჩანიშნულია ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურის, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ ქეთევან ციხელაშვილის მოსმენა იგეგმება.

დღის მეორე ნახევარში ხუთი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა გაიმართება, სადაც მოუსმენენ – ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატ ნათია თურნავას, ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ მაია ცქიტიშვილს, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატ ლევან დავითაშვილს, ასევე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ივანე მაჭავარიანს.

6-7 სექტემბერს პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა ჩანიშნულია საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებთან, 8 სექტემბერს კი პლენარული სხდომის მოწვევა იგეგმება, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ.

ამ დროისთვის საკომიტეტო ფორმატში უკვე მოუსმინეს მინისტრობის სამ კანდიდატს, რომელთა შორის იყვნენ – მიხეილ ბატიაშვილი, ეკატერინე ტიკარაძე და დავით ზალკალიანი.