„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკომიტეტო მოსმენებს არ ესწრებიან
„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკომიტეტო მოსმენებს არ ესწრებიან

დავით ზალკალიანის მოსმენა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ამ წუთებში „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გარეშე მიმდინარეობს.

როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, ​ხედვებსა და პრობლემების გადაჭრის გზებში არანაირი ცვლილება არ არის შემოთავაზებული. შესაბამისად, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი არც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატთან დასვამენ შეკითხვებს და არც რომელიღაც სხვა საკომიტეტო მოსმენას დაესწრებიან მინისტრობის სხვა კანდიდატებთან.

„ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროგრამის განხილვაში მონაწილეობას, იმიტომ, რომ არაფერი ამ მთავრობის ხედვებში შეცვლილი არ არის. ეს ყველაფერი იყო მორიგი ნაბიჯი ივანიშვილის მხრიდან, რომ გამოეწვია საზოგადოება გახარიას დანიშვნით. არანაირი ახალი ხედვა და პრობლემის გადაჭრის გზები მათ მიერ შემოთავაზებული არ არის, ამიტომ ჩვენ კომიტეტებს არ დავესწრებით და არცერთ შეკითხვას არ დავუსვამთ არც საგარეო საქმეთა და არც სხვა მინისტრობის კანდიდატს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ.

საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღეიდან დაიწყო. მინისტრობის კანდიდატებს დღეს, საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ.

კომიტეტების სხდომა გაიმართება 5 სექტემბერსაც, სადაც კანონმდებლები ძალოვანი და ასევე ეკონომიკის დარგის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

ბიუროს მიერ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, მთავრობის განახლებულ შემადგებლობას 6-7 სექტემბერს ფრაქციების ფორმატში მოუსმენენ, 8 სექტემბერს კი, პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის დამტკიცებისთვის „ქართულ ოცნებას“ 76 დეპუტატის მობილიზება დასჭირდება.