ევროპული საბჭო დონალდ ტუსკისა და მამუკა ბახტაძის შეხვედრის ვიდეომასალას ავრცელებს

ევროპული საბჭოს პრესსამსახური საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.

შეხვედრა ბრიუსელში, ევროკავშირის შტაბ-ბინაში შედგა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრის პოზიტიური დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტუსკმა მადლობა გადაუხადა მამუკა ბახტაძეს, რომ პირველი ვიზიტისთვის ბრიუსელი აირჩია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პასუხად განაცხადა, პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტის ადგილად ბრიუსელის არჩევა ძალიან ლოგიკური იყო.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველო ევროკავშირის საიმედო მოკავშირედ რჩება. საქართველოს პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც არასდროს, მოტივირებულია, გააკეთოს მეტი და ევროინტეგრაციის გზაზე უფრო შორს წავიდეს.

მამუკა ბახტაძემ ისაუბრა რუსულ ოკუპაციაზეც და განაცხადა, რომ აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ფაქტობრივ ანექსიას განაგრძობს.

როგორც დონალდ ტუსკმა ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე დაადასტურეს, რომ გააღრმავებენ თანამშრომლობას ასოცირების ხელშეკრულების ბაზაზე. მისივე თქმით, ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს, გააძლიეროს შესაძლებლობები კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის.

დონალდ ტუსკმა მწუხარება გამოთქვა ტყიბულში მეშახტეთა დაღუპვის გამო.