მამუკა ბახტაძე - პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტის ადგილად ბრიუსელის არჩევა ძალიან ლოგიკური იყო
მამუკა ბახტაძე - პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტის ადგილად ბრიუსელის არჩევა ძალიან ლოგიკური იყო

პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტის ადგილად ბრიუსელის არჩევა ძალიან ლოგიკური იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების გაკეთებისას აღნიშნა.

მან დონალდ ტუსკს მადლობა გადაუხადა და ევროკავშირისა და საქართველოს ინტეგრაციული პროცესის გაძლიერებაში მისი წვლილი აღნიშნა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს თბილი მასპინძლობისთვის. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას და პირადად თქვენს წვლილს ევროკავშირისა და საქართველოს ინტეგრაციული პროცესის გაძლიერებაში. მინდა ვთქვა, რომ საქართველო ამ გზაზე მტკიცედ დგას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„შეხვედრის დროს ჩვენ  გვქონდა შესაძლებლობა, შეგვეფასებინა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და განგვეხილა ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ასოცირების შეთანხმებით, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოიცავს, ჩვენს კანონმდებლობასა და ინსტიტუციურ სისტემას ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს ვუსადაგებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი შეფასებით, ამან მთავრობის რეფორმების ძალისხმევა გააძლიერა, რომელიც დემოკრატიისა და კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობისა და სტაბილურობის გაძლიერებისკენაა მიმართული.

„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ჩვენ ვახორციელებთ ეკონომიკის მოდერნიზებას და თანდათან ვინტეგრირდებით ევროკავშირის ბაზართან.

რეფორმებმა შედეგად გამოიღო ევროკავშირთან ვაჭრობის მდგრადი ზრდა, რამაც ევროკავშირი ჩვენს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად  აქცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, საქართველო სწრაფად აუმჯობესებს  საერთაშორისო რეიტინგებს და უკეთეს ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატს ქმნის.

„უვიზო რეჟიმმა მოიტანა პირდაპირი თვალსაჩინო შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამან ხელი შეუწყო საქმიანი, აკადემიური, ტურისტული, კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას ჩვენ საზოგადოებებს შორის“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ამ მიღწევებს თან პასუხისმგებლობები ახლავს, რომლებსაც საქართველო სრულად იზიარებს.