ევროპის ჩემპიონატზე ქაჯაიამ ვერცხლის, აბულაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ფინალურ ბლოკში ქართველი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ფინალში თურქ მსოფლიო ჩემპიონს, რიზა კაიას შეხვდა და 1:3 დამარცხდა. ქაჯაია ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
63 კგ-ში მოასპარეზე ლერი აბულაძემ კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აშკარა უპირატესობით 9-1 დაამარცხა რუმინელი მიჰუტი და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
87 კგ-ში ევროპის ჩემპიონი გახდა სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურაბ დათუნაშვილი. მან მთელი ტურნირი დამაჯერებლად იჭიდავა და ოქროს მედალსაც დამსახურებულად დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ დღეს კონტინენტის პირველობაზე ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი გამოვიდა. ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ. შმაგი ბოლქვაძემ (72 კგ) და აივენგო რიკაძემ (82 კგ) კი ნახევარფინალში თავიანთი ბრძოლები ჩაატარეს.
ბოლქვაძე ფინალის საგზურისთვის უნგრელ მოჭიდავეს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დაამარცხა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ის ხვალ სომხეთის წარმომადგენელს შეხვდება. აივენგო რიკაძე კი სამწუხაროდ, ნახევარფინალში რუს მეტოქესთან დამარცხდა და კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ხვალ, ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.