თავისუფალი ჭიდაობა | გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა #1TVSPORT

გივი მაჭარაშვილი (97კგ) ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. ბუქარესტში მიმდინარე კონტინენტის პირველობის ფინალში მაჭარაშვილმა აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი 7:1 დაამარცხა.

ფინალურ ბლოკში დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვეს. ნაკრების დებიუტანტი აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. რობერტ დინგაშვილი (57 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (79 კგ) კი შეჯიბრებაზე მესამე ადგილზე გავიდნენ.

18 თებერვალს კონტინენტის პირველობის ფინალში იჭიდავებს გენო პეტრიშვილი (125კგ), ხოლო მირიან მაისურაძე (92კგ) ბრინჯაოსთვის იბრძოლებს. ტურნირზე რეპეშაჟიდან მესამე ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ გიორგი გოგრიჭიანი (74კგ) და შოთა ფარტენაძე (61კგ).

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო შოთა ფარტენაძე, ედემ ბოლქვაძე, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.