ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში - საქართველოს ნაკრების თამაშების ტრანსლაციები პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს. ტურნირს ხორვატია მასპინძლობს. ჩვენი გუნდი კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეხუთედ მონაწილეობს, სადაც ევროპის 16 საუკეთესო გუნდი თამაშობს. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ იტალიასთან, მონტენეგროსთან და სლოვაკეთთან ერთად მოხვდა. ჯგუფის ფავორიტები სწორედ იტალია და მონტენეგრო არიან, საქართველოს უშუალო კონკურენტად კი სლოვაკეთი განიხილება.
დეიან სტანოევიჩის გუნდი ევროპის 35-ე ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 12:20-ზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დღევანელ შეხვედრაში
ირაკლი რაზმაძე, ნიკოლოზ შუბლაძე, ვალიკო დადვანი, საბა ტყეშელაშვილი, მარკო ელაჩა, ფაბიო ბარალდი, ანდრია ბითაძე, ბორის ვაპენსკი, ნიკა შუშიაშვილი, რეზი იმნაიშვილი(კაპიტანი), იოვან სარიჩი, გიორგი მაგრაქველიძე, დუშან ვასიჩი.
მთავარი მწვრთნელი: დეიან სტანოევიჩი
მწვრთნელი: ზუკა რურუა
ექიმი: გიორგი კუჭაძე გუნდის მენეჯერი: ლევან თოდაძე
2022 წლის ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში / სპლიტი/ (27-აგვისტო-10 სექტემბერი)
A ჯგუფი: იტალია, საქართველო, სლოვაკეთი, მონტენეგრო.
B ჯგუფი: საბერძნეთი, მალტა, საფრანგეთი, ხორვატია.
C ჯგუფი: რუმინეთი, გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები.
D ჯგუფი: სერბეთი, უნგრეთი, ისრაელი, სლოვენია.
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად 2014 წელს გავიდა. სადებიუტო ტურნირზე ჩვენმა გუნდმა მე-12 ადგილი დაიკავა, 2016-ში სერბეთში მე-14-ზე, 2018-ში ესპანეთში მე-13-ე ადგილზე გავიდა. 2020 წელს კი უნგრეთში საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა, სადაც 10-ე ადგილი დაიკავა.