ევროკავშირმა ქერჩის სრუტეში მომხდარის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შეათანხმა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქერჩის სრუტეში უკრაინული გემებისა და უკრაინელი მეზღვაურების დაკავებასთან დაკავშირებული რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში გამართული მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.
ფედერიკა მოგერინის თქმით, მიღწეულია პოლიტიკური კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ დაწესდება ინდივიდუალური სანქციები. სააგენტო „ფრანს პრესი“ აღნიშნავს, რომ სანქციები ითვალისწინებს რუსეთის რვა მოქალაქისთვის ევროკავშირში აქტივების გაყინვასა და სავიზო შეზღუდვებს.
უკრაინის მთავრობა უკვე თითქმის სამი თვეა, ევროკავშირს ქერჩის ინციდენტის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტესთან ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ კატარღას, რომლებიც ოდესის პორტიდან მარიუპოლში გადაადგილდებოდნენ და 24 უკრაინელი მეზღვაური დააკავეს. რუსული მხარე დაკავებულ უკრაინელებს საზღვრის დარღვევაში სდებს ბრალს.