საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელობა განიხილავს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე დროებითი შეცვლების შემოღების ვარიანტს. არ არის გამორიცხული, მწვრთნელებს გაუჩნდეთ შესაძლებლობა – დროებით შეცვალონ ფეხბურთელები, თუ მათ ტვინის შერყევაზე ექნებათ ეჭვი.
ეს საშუალებას მისცემს ექიმებს, უფრო დეტალურად შეამოწმონ ფეხბურთელი და იზრუნონ მათ ჯანმრთელობაზე, გარდა ამისა, საფეხბურთო მოედანზე სამართლიანობა იქნება, რადგან ტრავმირებული ფეხბურთელის გუნდს არ მოუწევს რამდენიმე წუთი უმცირესობაში თამაში. თუ ფეხბურთელს ტვინის შერყევა არ დაუდგინდება, მას შეეძლება მოედანზე დაბრუნება.
როგორც Sky Sports წერს, ფეხბურთში დროებითი შეცვლების საკითხი უახლოეს დღეებში უნდა განიხილონ საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო საბჭოს ყოველწლიურ სხდომაზე. თუ მონაწილეები ინიციატივას მხარს დაუჭერენ, ფეხბურთში ამ ახალი წესის დამკვიდრებაზე ხმის მიცემა 2020 წლის თებერვალში გაიმართება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ფეხბურთში დროებითი შეცვლები პირველი ივნისიდან გაჩნდება, შესაბამისად, მისი გამოყენება ევრო 2020-ზე იქნება შესაძლებელი.