საუკეთესო შეტევა
საკვალიფიკაციო ტურნირში ბელგიის ნაკრებს შეხვდა ჯგუფი, რომელშიც ის ყველა მეტოქეს ერთი თავით აღემატეოდა. გასაკვირი არ არის, რომ რობერტო მარტინესის გუნდმა შეძლო ყველაზე მეტი გოლის გატანა – 10 მატჩში „წითელმა ეშმაკებმა” 40 გოლი დააგროვეს.
თუმცა, თუ დავითვლით არა გატანილი გოლების ჯამს, არამედ მატჩში გოლების საშუალო რაოდენობას, აქ ლიდერი ინგლისის ნაკრებია. გარეტ საუტგეიტის გუნდმა რვა მატჩში 37-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი, რაც ერთ შეხვედრაში 4.625 გოლს უდრის.
საუკეთესო დაცვა
ევრო 2020-ის შესარჩევში ყველაზე ცოტა გაშვებული ბურთი – 3 გოლი იყო. ასეთი შედეგი აჩვენა ორმა გუნდმა – თურქეთმა და ბელგიამ. თურქებმა გაუშვეს ორჯერ ისლანდიასთან მატჩში და ერთხელ საფრანგეთთან. ბელგიელებს ორი გოლი გაუტანა რუსეთმა და ერთი – კვიპროსმა.
ქულების მაქსიმუმი
თავიანთ ჯგუფებში ქულათა მაქსიმუმი მხოლოდ ორმა ნაკრებმა დააგროვა – ბელგიამ და იტალიამ. ბელგიელებმა ათიდან შვიდ მატჩში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს. იტალიელებს ოდნავ მოკრძალებული შედეგი ჰქონდათ, სამაგიეროდ, ბოლო ტურში სომხეთს ცხრა გოლი გაუტანეს.
უქულო გუნდები
მთავარი აუთსაიდერები გახდნენ სან მარინო და გიბრალტარი. ამ უკანასკნელმა რვა მატჩი წააგო, სამი გაიტანა და 31 გაუშვა, სან მარინომ კი 51 გოლი მიიღო და მხოლოდ ერთი გაიტანა. ამ გუნდების არადამაკმაყოფილებელი შედეგები სავსებით კანონზომიერია. ფიფა-ს რეიტინგში სან მარინო ბოლო, 209-ე ადგილზეა, გიბრალტარი კი 196-ე პოზიციას იკავებს.
საუკეთესო ბომბარდირი
ინგლისელმა ფორვარდმა ჰარი კეინმა ბომბარდირთა რბოლაში ბოლო ტურში აჯობა ისრაელის ნაკრების ლიდერს ერან ზაჰავის, როცა კოსოვოს კარში მე-12 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, „ტოტენჰემის” ფორვარდი იშვიათი შედეგის ავტორი გახდა – მან ყველა მატჩში გაიტანა გოლი.
საუკეთესო ასისტენტი
ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა სამმა ფეხბურთელმა შეასრულა – შვიდ-შვიდი შედეგიანი პასი მიითვალეს მემფის დეპაიმ, ედენ აზარმა და ანტუან გრიზმანმა. ასეთ შედეგს ჰოლანდიელმა ექვს მატჩში მიაღწია, ბელგიელმა – რვა მატჩში, ფრანგმა – ათში.
ყველაზე უხეში გუნდი
ყველაზე უხეში გუნდის სტატუსი სამმა ნაკრებმა გაინაწილა – ლატვია, ანდორა და მოლდოვა. თითოეულმა 28 ყვითელი ბარათი მიიღო. ამასთან, მოლდოვამ ორჯერ მიიღო მეორე ყვითელი, ლატვიამ – ერთხელ.
ყველაზე უხეში ფეხბურთელი
ანდორელი მცველი ხესუს რუბიო ყველაზე სახიფათო მოთამაშე იყო ევრო 2020-ის შესარჩევში, ოღონდ არა თავისი ოსტატობით, არამედ უხეშობით. მან შვიდ შეხვედრაში ექვსი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო.
ყველაზე დისციპლინირებული გუნდი
გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციაში საოცრად სუფთა თამაში აჩვენა. რვა შეხვედრაში იოახიმ ლიოვის შეგირდებმა მხოლოდ სამი ყვითელი ბარათი მიიღეს და ერთი გაძევება დაიმსახურეს.
ყველაზე მკაცრი მსაჯი
იტალიელი არბიტრი ჯანლუკა როკი შესარჩევ ტურნირში დაუნდობელი იყო. ოთხ მატჩში მან ფეხბურთელებს 23 ყვითელი ბარათი უჩვენა. როკიზე მკაცრი არავინ ყოფილა.
ყველაზე დასწრებადი ნაკრები
გულშემატკივრების ყურადღებით ყველაზე მეტად განებივრებული იყო ინგლისის ნაკრები „უემბლის“ სტადიონზე. საშუალოდ, ლეგენდარულ სტადიონზე 80 819 მაყურებელი მიდიოდა. ყველაზე მეტად ივსებოდა უკრაინაში „არენა ლვოვი“. ამ სტადიონზე ანდრეი შევჩენკოს გუნდმა ორი მატჩი ჩაატარა – სერბეთთან და ლუქსემბურგთან. ტრიბუნებზე 34 915 ადამიანი ეტეოდა და არენა 99.4 პროცენტით ივსებოდა.