დასრულდა ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირი. ბოლო სათამაშო დღეს ერთადერთი ინტრიგა იყო შემორჩენილი – ვინ მოიპოვებდა ევროპის ჩემპიონატის მე-20 საგზურს, რომელიც თამაშდებოდა უელსისა და უნგრეთის მატჩში. ბრიტანელებს მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ, მათ მეტოქეს ფრეც ჰყოფნიდათ. უელსმა აარონ რემზის დუბლით, ანგარიშით 2:0 მოიგო.
ასე რომ, 24 ფინალისტიდან ცნობილია 20:
ბელგია, იტალია, პოლონეთი, უკრაინა, ესპანეთი, თურქეთი, საფრანგეთი, ინგლისი, ჩეხეთი, შვედეთი, ფინეთი, ხორვატია, გერმანია, ჰოლანდია, ავსტრია, პორტუგალია, შვეიცარია, დანია, უელსი და რუსეთი.
კიდევ ოთხი საგზურის მფლობელი გაირკვევა მომავალი წლის მარტში, ერთა ლიგის პლეიოფის შემდეგ.
ევროპის ჩემპიონატი 12 ქვეყნის 12 ქალაქში, 12 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება.
ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის წილისყრა 30 ნოემბერს, ბუქარესტში შედგება.