#ევრო 2020 | იტალიის ნაკრები - მიზანი, ისტორია, კალენდარი, კომენტარი
#ევრო 2020 | იტალიის ნაკრები - მიზანი, ისტორია, კალენდარი, კომენტარი

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 11 ივნისს რომში, იტალიისა და თურქეთის დაპირისპირებით გაიხსნება.

ეს შეჯიბრება 2020 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო, თუმცა სახელწოდება შეუნარჩუნდა – ევრო 2020.

ჩემპიონატში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ექვს ჯგუფადაა გაყოფილი. კვირაში ორჯერ წარმოგიდგენთ ევრო 2020-ის მონაწილე თითო გუნდს, გაგახსენებთ გზას, როგორ მოიპოვა ჩემპიონატის საგზური და რას უნდა ველოდეთ მისგან ფინალურ ეტაპზე.

დავიწყოთ A ჯგუფის ფავორიტი იტალიის ნაკრებით, რომელმაც ყველაზე უკეთ განვლო შესარჩევი ეტაპი – ათივე მატჩი მოიგო.

მწვრთნელი

იტალიის ნაკრები ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა ტრადიციულად, ნებისმიერ შეჯიბრებას მძიმედ იწყებს. ეს ნაკლებადაა მოსალოდნელი ევროპის მომავალ ჩემპიონატზე, რადგან „სკუადრა აძურამ“ შესარჩევ ეტაპზე მეტიქმეტად ეფექტური ფეხბურთი უჩვენა.

გუნდის წარმატების მთავარი ფაქტორი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინია. მან საკლუბო ფეხბურთში ბევრს მიაღწია, გახდა იტალიის, ინგლისისა და თურქეთის ჩემპიონი, „სკუადრა აძურასთან“ ერთად კი ნანატრი ტიტულის მოგებისთვის ემზადება.

ევრო 2020-ზე მან ჯგუფის მეტოქეებზე მოკლედ თქვა:

„ევროპის ჩემპიონატზე იოლი ჯგუფი არ არსებობს. ნებისმიერ მეტოქესთან მოსაგებად უნდა გავიდეთ და გავიმარჯვოთ. კარგია, რომ ჯგუფური ეტაპის ატჩებს შინ, რომში ვატარებთ, ეს ხანგრძლივ მგზავრობას აგვარიდებს და ენერგიასაც დავზოგავთ.“

საკვანძო ფეხბურთელი

ფრანგული პსჟ-ის ნახევარმცველი მარკო ვერატი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის ტაქტიკურ სქემებში იდეალურად ჯდება.

უეფა-ს ოფიციალურ საიტზე გუნდის მთავარ მოთამაშედ სწორედ ვერატია დასახელებული, მიუხედავად იმისა, რომ შესარჩევ ეტაპზე „სკუადრა აძურამ“ წარმატებას უმთავრესად გუნდური თამაშით მიაღწია.

ვის დავაკვირდეთ

ჯანლუიჯი დონარუმა 21 წლისაა, თუმცა გამოცდილება საკმარისზე მეტი აქვს. მისი გამოჩენა ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის წასვლას ემთხვევა და სპეციალისტები მას უფროსი კოლეგის მსგავს ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

დონარუმასთვის პირველი დიდი შეჯიბრება სწორედ ევროპის ჩემპიონატი იქნება.

იცოდით?

2019 წლის მარტში იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე ლიხტენშტაინს 6:0 აჯობა. ეს იყო პირველი ექვსბურთიანი გამარჯვება 1962 წლის შემდეგ. შორეულ 60-იანებში „სკუადრა აძურამ“ 6:0 თურქეთის ნაკრები დაამარცხა.

დატოვე კომენტარი