გიორგი მამარდაშვილი ალისონის გადაწყვეტილებას ელოდება და მანამდე „ლივერპულიდან“ წასვლას არ აპირებს #1TVSPORT

12:49, 12.11.2026

გიორგი მამარდაშვილს ჯერ არ უთქვამს, რომ „ლივერპულიდან“ მიდის, მაგრამ შესაძლოა, ეს ნაბიჯი მაინც გადადგას – ამის შესახებ Sky Sports-ის ჟურნალისტმა, ჯეიმს პირსმა ისაუბრა.

„თუ ალისონი „ლივერპულში“ დარჩება, მამარდაშვილმა, შესაძლოა, გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღოს. ბრაზილიის ნაკრების 34 წლის მეკარეს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება, მან „კრისტალ პალასთან“ მატჩის შემდეგ გუნდში დარჩენის სურვილი გამოთქვა.

ზაფხულში „ლივერპულმა“ ბრაზილიელ მეკარეს კონტრაქტი ერთი წლით გაუგრძელა. ჯერჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტენ მხარეები მომავალში. თუ ალისონი დარჩება, მამარდაშვილი ზედიზედ მესამე სეზონი მის დუბლიორად ყოფნას არ მოისურვებს და, დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებს“, – თქვა პირსმა.

Sky Sports-ის ჟურნალისტი ვინი ო’კონორიც იმავეს წერს: „მამარდაშვილი 26 წლისაა, 2024 წლიდან ის „ლივერპულში“ მეორე მეკარეა და თუ ასე გაგრძელდა, გასაკვირი არ იქნება, რომ კლუბი შეიცვალოს, რათა ისეთივე სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, როგორც „ვალენსიაში“.

ალისონის წასვლის შემთხვევაში „ლივერპული“ მის ალტერნატივად „ბრაიტონის“ მეკარეს, ბარტ ვერბრიუგენს ან ზიონ სუზუკის („ასტონ ვილა“) განიხილავს, ამას გარდა, მერსისაიდელებმა 30 მილიონ ევროდ უკვე იყიდეს 18 წლის ბელგიელი ლუკა ბრუგმანსი, რომელზეც მომავალში დიდ იმედებს ამყარებენ“.

ამ ფაქტს ფაბრიციო რომანოც გამოეხმაურა: „მოსალოდნელია, რომ ეს „ლივერპულში“ ალისონის ბოლო სეზონი იქნება, მას იტალიაში, საუდის არაბეთსა და ბრაზილიაში იწვევენ. მამარდაშვილით კი გუნდში კმაყოფილები არიან“.

TEAMtalk-ი და Football Insider-ი კი საპირისპიროს წერენ: „„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა ბოლომდე არ არის დარწმუნებული, რომ მამარდაშვილი ალისონს სრულფასოვნად შეცვლის, მერსისაიდელებს განსაკუთრებით ქართველი მეკარის ფეხით თამაში აფიქრებთ“.

სავარაუდოდ, მამარდაშვილი ალისონის გადაწყვეტილებას დაელოდება, მაგრამ თუ ბრაზილელი ახალ კონტრაქტს გააფორმებს, მაშინ საქართველოს ნაკრების მეკარე „ლივერპულში“ აღარ დარჩება.

მსგავსი