შიო მესამემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო

22:11, 12.11.2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ: საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.

„შეხვედრისას კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამ მთელ ქვეყანას დიდი სიხარული მოუტანა. მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სპორტსმენების რწმენასა და იმ საჯარო მაგალითზე, რომელსაც ისინი მოედანზე ქრისტიანული ფასეულობების გამოხატვით აჩვენებენ. მან ნაკრების წევრებს სულიერი დარიგებაც მისცა და სპორტულთან ერთად სულიერ სარბიელზე გამარჯვება უსურვა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა პატრიარქს მხარდაჭერისა და დალოცვისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, გუნდი კარგად აცნობიერებს ახალგაზრდა თაობის წინაშე არსებულ პასუხისმგებლობას და სამომავლო წარმატებებისთვის თავდაუზოგავად შრომობს.

ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და ეროვნული ნაკრებისა და ფედერაციის სახელით დიდი სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურა. მისი თქმით, გუნდისთვის პატრიარქისა და სასულიერო პირების ლოცვა-კურთხევა უმნიშვნელოვანესია, ხოლო საპატრიარქოში სტუმრობა მათთვის უდიდესი ბედნიერება და პატივია.

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ სტუმრებს საჩუქრად ჯვრები გადასცა“,- აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.

მსგავსი