#ევრო 2020 | შვეიცარიის ნაკრები - მიზანი, ისტორია, კალენდარი, კომენტარი [ვიდეო] #1TVSPORT
#ევრო 2020 | შვეიცარიის ნაკრები - მიზანი, ისტორია, კალენდარი, კომენტარი [ვიდეო] #1TVSPORT

ამ ზაფხულს, შვეიცარია მეხუთედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

გუნდის ამოცანა-მინიმუმი ისევ იქნება მეოთხედფინალში გასვლა, სადაც შვეიცარიელები არასოდეს ყოფილან.

ყველაზე ახლოს ისინი ამ მიზანთან 2016 წელს იყვნენ, მაგრამ პენალტების სერიაში წააგეს მერვედფინალი პოლონეთის წინააღმდეგ.

შვეიცარიის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი დამაჯერებლად გაიარა. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი საქართველოსთან ერთად იყო D ჯგუფში და 17 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე იყო დანია – 16 ქულა. საქართველო ირლანდიის შემდეგ მეოთხე ადგილზე გავიდა (8 ქულა).

მწვრთნელი

ვლადიმირ პეტკოვიჩი

სარაევოში დაბადებული ვლადიმირ პეტკოვიჩი 2014 წლიდან უდგას სათავეში ეროვნულ გუნდს. იქედან მოყოლებული, შვეიცარიის ნაკრებს არც ერთი დიდი ტურნირის ფინალური ეტაპი არ გამოუტოვებია, 2019 წელს კი ერთა ლიგის „ოთხთა ფინალში“ გაიყვანა თავისი გუნდი.

 

საკვანძო ფეხბურთელი

გრანიტ ჯაკა

შვეიცარიის ნაკრების კაპიტანი, რომელიც „არსენალში“ 2016 წლიდან თამაშობს. 2009 წელს 17-წლამდელებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მსუბუქი, მაგრამ მებრძოლი ნახევარმცველი – დამაკავშირებელი კვანძია დაცვასა და შეტევას შორის.

მის მნიშვნელობაზე დანიასთან შესარჩევი მატჩი მეტყველებს, რომელსაც შვეიცარია 3:0-ს იგებდა, ჯაკას შეცვლის შემდეგ კი თამაში 3:3 დასრულდა.

იან ზომერი

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატიდან მოყოლებული, ზომერი შვეიცარიის ნაკრების პირველი მეკარეა. „გლადბახის“ რიგებში ის ბუნდესლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გოლკიპერი გახლავთ.

ვის დავაკვირდეთ

ბრილ ემბოლო

ტრავმების გამო „შალკეში“ ჩაგდებული სეზონების შემდეგ, ემბოლო დღეს მიონხენგლადბახის „ბორუსიაში“ ცდილობს ძველი ფორმის დაბრუნებას.

23 წლის ფორვარდი მრავალფეროვანი ფეხბურთელია და დიდი სისწრაფით გამოირჩევა.

იცოდით?

* ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე შვეიცარიას 13 მატჩი ჩაუტარებია და მხოლოდ ორი მოგება აქვს: 2008 წელს პორტუგალიასთან (2:0) და 2016 წელს ალბანეთთან (1:0).

* შვეიცარიას ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი 1996 წელს ჰქონდა, მაგრამ პირველი გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალია 2:0 დაამარცხა.

* შვეიცარიამ ბოლო ცხრა დიდი ტურნირიდან მხოლოდ ერთი გამოტოვა.

განსაკუთრებული მომენტები ევროპის ჩემპიონატებზე

* შვეიცარიის ნაკრების პირველი გოლი ევროპის ჩემპიონატებზე ქუბილაი თურქილმაზმა გაიტანა – ევრო 96-ზე. მისმა პენალტმა შვეიცარიას „უემბლიზე“ ფრე მოუტანა მასპინძელ ინგლისთან.

* 18 წლისა და 141 დღის ვალონ ბეჰრამი ევრო 2004-ზე ისტორიაში შევიდა – ტურნირების ფინალურ ეტაპებზე გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა, მაგრამ შვეიცარიამ 1:3 წააგო საფრანგეთთან.

 

* ევრო 2016-ზე სერდან შაქირის ლეგენდარული გოლი ყველა საფეხბურთო ვიდეორგოლის აუცილებელი ატრიბუტია.