#ევრო 2020 | თურქეთის ნაკრები - მიზანი, ისტორია, კალენდარი, კომენტარი #1TVSPORT
#ევრო 2020 | თურქეთის ნაკრები - მიზანი, ისტორია, კალენდარი, კომენტარი #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ნაკრების ისტორია 25 წლის წინ დაიწყო.

სათამაშო კლასი თანდათან იმატებდა და კულმინაციას ევრო 2008-ზე მიაღწია, სადაც თურქეთის ნაკრებმა, პირველ რიგში, განსაკუთრებული საბრძოლო ჟინის (გუნდმა ჯამში რვა გოლი გაიტანა, აქედან ექვსი – 75-ე წუთის შემდეგ) წყალობით, ნახევარფინალამდე მიაღწია.

1996 წელს, სადებიუტო ჩემპიონატში თურქეთს არც ერთი ლეგიონერი არ ჰყავდა განაცხადში, დღეს კი ეროვნული გუნდის მოთამაშეთა უმრავლესობა ევროპის TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში გამოდის და ამიტომაც, ქვეყანაში ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ ევრო 2020-ზე.

მწვრთნელი

შენიოლ გიუნეში

მეკარის რანგში მან ექვსი ტიტული მოიგო „ტრაბზონში“, მწვრთნელის რანგში კი ეკუთვნის თურქული ფეხბურთის ისტორიაში მთავარი მიღწევა – მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გასვლა. სანამ 2019 წლის ივნისში ნაკრებში მეორედ მივიდოდა, „ბეშიქთაშთან“ ერთად ორჯერ მოიგო თურქეთის ჩემპიონატი.

„იტალიის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი წაუგებლად ჩაატარა. შვეიცარიაც წარმატებული გუნდია, ისევე როგორც უელსი. ვფიქრობ თურქეთის ნაკრებიც ძლიერი გუნდია. საამაყოა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდით, ასევე სასიამოვნოა გახსნით მატჩში რომ გვიწევს მონაწილეობა. ასეთ შეხვედრებში ყოველთვის ხდება მოულოდნელობები და იტალია ფავორიტია, თუმცა, ვიმედოვნებთ გულსემატკივარი სიურპრიზს იხილავს,“ – ასეთია შენოლ გიუნეშის წინასწარი შეფასება.

საკვანძო ფეხბურთელი

ჯენქ თოსუნი

გიუნეშმა ზუსტად იცის, როგორ მიიღოს მაქსიმალური სარგებელი ამ ფორვარდისგან, რადგან მას უკვე წვრთნიდა „ბეშიქთაშში“. თოსუნი არ არის განსაკუთრებულად სწრაფი, მაგრამ ძლიერი და მოხერხებულია.

ჯენგიზ იუნდერი

უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა შესარჩევში საფრანგეთის (2:0) წინააღმდეგ. თუმცა, საერთო ჯამში, მან კვალიფიკაციის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა და აშკარად ჩანდა, რომ თურქეთის ნაკრებს აკლდა მისი სისწრაფე და ტექნიკა. ახლა, 23 წლის ფეხბურთელი ისევ კარგ ფორმაშია.

 

ვის დავაკვირდეთ

მერიჰ დემირალი

ევრო 2020-ის კვალიფიკაციაში თურქებმა შინ არც ერთი გოლი არ გაუშვეს, რაც, უპირველეს ყოვლისა, მერიჰ დემირალის დამსახურებაა. დემირალის ყოფილმა მწვრთნელმა სერგენ იალჩინმა ამ ფეხბურთელზე თქვა:

“თურქეთმა იპოვნა თავისი ცენტრალური მცველი მომდევნო ათწლეულისთვის“.

190 სანტიმეტრი სიმაღლის მცველი დღეს “იუვენტუსში” თამაშობს, თანაც რეგულარულად ხვდება შემადგენლობაში.

ევროპის ჩემპიონატის გადატანის წყალობით, 22 წლის მოთამაშემ მოასწრო მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმის შემდეგ აღდგენა.

იცოდით?

* ევროპის ბოლო შვიდი ჩემპიონატიდან, თურქეთი ხუთჯერ მოხვდა ფინალურ ეტაპზე. პირველად ეს 1996 წელს მოხდა.

* ევრო 2008-ზე თურქეთმა თავისი რვა გოლიდან ექვსი 75-ე წუთის შემდეგ გაიტანა.

* ევრო 96-ზე თურქეთს განაცხადში არც ერთი ლეგიონერი არ ჰყავდა.

 

 

განსაკუთრებული მომენტები ევროპის ჩემპიონატებზე

1. ევროპის ჩემპიონატზე პირველ გამარჯვებას თურქეთმა 2000 წელს მიაღწია, როცა ბელგიას 2:0 მოუგო. ამის წყალობით, გუნდი პირველად გავიდა ტურნირის პლეი ოფში.

2.  ნიჰათ კაჰვეჩიმ 89-ე წუთზე 3:2 გახადა ანგარიში ჩეხეთის წინააღმდეგ, არადა, თურქები ამ მატჩს 0:2-ს აგებდნენ. ეს მოგება გუნდს ევრო 2008-ის პლეი ოფში გასვლაში დაეხმარა.

3. თურქეთი ახლოს იყო მარცხთან ევრო 2008-ის მეოთხედფინალში, როცა 119-ე წუთზე ხორვატია ივან კლასნიჩმა 1:0 დააწინაურა, მაგრამ სემიჰ შენთურქმა ბოლო წამზე გაათანაბრა ანგარიში, რის შემდეგაც, თურქებმა მოიგეს პენალტების სერია და ნახევარფინალში გავიდნენ.

დატოვე კომენტარი