ესტონეთის ნაკრების კაპიტანი - მეისტერლიგის დონით ნაკრები ვერ მოიგებს
ესტონეთის ნაკრების კაპიტანი - მეისტერლიგის დონით ნაკრები ვერ მოიგებს

ესტონეთის ნაკრების კაპიტანმა, კონსტანტინ ვასილიევმა, რომელიც მატჩამდე საქართველოს ნაკრებს ბურთის „დამალვით” ემუქრებოდა, წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთა ლიგის პირველ შეხვედრაში ესტონეთი მეტოქისთვის საშიში არ იყო.

„ვერ ვიტყვი, რომ ქართველ მცველებს დასვენების დღე ჰქონდათ, მაგრამ მეკარეს ნამდვილად ჰქონდა. მეორე ტაიმში ბურთის გაკონტროლება მოვახერხეთ, მაგრამ ბოლოს ვეღარ შევძელით. სწორ გადაწყვეტილებებსაც ვერ ვიღებდით. ჩვენი თავდამსხმელი ბურთის მისაღებად 70 მეტრს გარბოდა. ასე უბრალოდ ძნელია. უფრო თამამები უნდა ვიყოთ“, – აცხადებს ვასილიევი.

36 წლის გამოცდილი ნახევარმცველის თქმით, ქართველებთან ესტონური ლიგის მოთამაშეებით დაპირისპირება შეუძლებელი აღმოჩნდა:

მეისტერლიგის დონით (ესტონეთის ჩემპიონატი) ეროვნული გუნდში თამაში რთულია და ნაკრები ვერ მოიგებს. რაც შეიძლება მეტი მოთამაშე უნდა წავიდეს საზღვარგარეთ. ათი წლის წინ ესტონეთის წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობდა, რომ ყველა უცხოეთში თამაშობდა. ახლა კი მეტოქე ოდნავ უკეთესი იყო, ვიდრე ჩვენი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მითთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეგვიძლია”.