ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთვის სტანდარტულები კარგად დავამუშავეთ
ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთვის სტანდარტულები კარგად დავამუშავეთ

საქართველოსთან მატჩამდე ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კაარელ ვოილაიდმა პრესკონფერენცია გამართა და აღიარა, რომ ერთა ლიგის C2 ჯგუფის სტარტზე მეტოქე ფავორიტად მიაჩნია.

„საქართველოს ნაკრები არამარტო კავკასიური სტილის, არამედ, ევროპული ყაიდის გუნდია – ადრე ქართველები ბურთიანად დარბოდნენ და უბრალოდ ტექნიკას აჩვენებდნენ. ახლა ასე არაა, მათ ძალიან კარგი დისციპლინა აქვთ და დაცვაში კარგად თამაშობენ. ამავე დროს, ძალიან ცოტა გოლს უშვებენ. უმეტესად კი თავადაც გააქვთ, მინიმუმ ერთი გოლი მაინც შეხვედრაში“, – ამბობს ესტონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ, დანაკლისი შესამჩნევია:

„მაიკლ ლილანდერი ვერ დაგვეხმარება. ვარჯიშის შემდეგ სხვა მოთამაშეებსაც უნდა ვესაუბროთ. მაგალითად, კითხვები კენ კალასტესთან დაკავშირებითაც არსებობს – შევხედავთ, ის როგორ მდგომარეობაში იქნება. ესტონეთის გუნდი საკმაოდ ახალგაზრდულია და არ უარვყოფ, რომ ზოგიერთ ეპიზოდში შეიძლება გამოუცდელობამ თავი იჩინოს. შეკრებაზე ახალგაზრდა ფეხბურთელების მონდომებამ და მომზადება, ოპტიმისტური განწყობა შემიქმნა, მაგრამ გამოცდილებას მნიშვნელობა მაინც აქვს. გამოცდილებისა და ახალგაზრდების ბალანსს ვეძებ“.

ვოოლაიდმა გაამხილა, რომ საქართველოს ნაკრებთან დიდ მნიშვნელობას სტანდარტულების შესრულებას ანიჭებს:

„შეკრებაზე სტანდარტულების დამუშავებას ყოველდღე დიდ დროს ვუთმობდით. ბურთი კარისკენ რომ მიდის, ამან ბევრი უსიამოვნება და დაბნეულობა შეიძლება გამოიწვიოს. ერთი და იგივე ბევრჯერ გავიმეორეთ და ამის შესახებ ფეხბურთელებსაც ვესაუბრეთ. ამ მიმართულებით მრავალი ვარიანტი გაგვაჩნია“.