ვლადიმირ ვაისი - ესტონეთთან მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ეს იოლი არ იქნება
ვლადიმირ ვაისი - ესტონეთთან მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ეს იოლი არ იქნება

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ტალინში, „ლე კოკ“ არენაზე ერთა ლიგის C2 ჯგუფში ესტონეთთან შეხვედარმდე პრესკონფერენცია გამართა და მომავალ დაპირისპირებასა და გუნდის მზადებაზე ილაპარაკა.

„ტურნირის პირველი შეხვედრის წარმატებით დაწყება ყოველთვის მნიშვნელოვანია. საქართველოს ნაკრები ახალგაზრდა მოთამაშეებს დაეყრდნობა. იმედია, ისინი ესტონეთთან სათამაშოდ მზად იქნებიან. რთულია გავაკეთო პროგნოზი ხვალინდელ მატჩზე, რომელშიც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე დაგვაკლდება. მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ეს იოლი არ იქნება. საქართველომ 5 წლის წინ ტალინში 0:3 წააგო, ხოლო 2 წლის წინ საკუთარ მოედანზე 2:0 მოვიგეთ. ყველაფერი შესაძლებელია, მით უფრო, რომ სტადიონზე გულშემატკივრის არყოფნა ატმოსფეროს შეცვლის“, – ამბობს ვლადიმირ ვაისი.

საქართველოს ნაკრების სლოვაკმა დამრიგებელმა 8 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ დანიშნულ ერთა ლიგის წინა გათამაშების ნახევარფინალზეც გააკეთა კომენტარი, სადაც ჩვენი ნაკრები ბელარუსს შეხვდება.

„ნახევარფინალში მონაწილე ოთხივე გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის 25%-იანი შანსი გააჩნიათ. ვიმედოვნებთ, ბელარუსს მოვუგებთ და ფინალში გავალთ. მაგრამ ახლა ჩვენი მთავარი საფიქრალი ესტონეთთან შეხვედრაა, რადგან C დივიზიონის გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდება. მსურს ვნახო, გუნდი ამ დონეზე როგორ ითამაშებს, რადგან C დივიზიონში ბევრად რთული მატჩები გველის“.

ესტონეთი-საქართველოს ნაკრებების მატჩი „ლე კოკ არენაზე” 5 სექტემბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.