გიორგი დემეტრაძე - ბელარუსთან ისტორიული მატჩის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
გიორგი დემეტრაძე - ბელარუსთან ისტორიული მატჩის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა გიორგი დემეტრაძემ კომენტარი 8 ოქტომბერს დანიშნულ საქართველო-ბელარუსის ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაზეც გააკეთა.

„ისტორიული თამაში გველის, ვხვდებით ბელარუსის ნაკრებს. გიორგი ჩაკვეტაძე ჯერ ფორმაში არაა და ხვიჩა კვარაცხელიას ტვინის შერყევა ჰქონდა. ხვიჩას რომ ვუყურე, ძალიან ძლიერი თავდამსხმელია და დიდი მომავალი აქვს. არ ვიცი, ბელარუსამდე ეს ორი ფეხბურთელი როგორ იქნება, მაგრამ ეს ისტორიული თამაშია და ყველაფერი უნდა გავკეთოთ, რომ მოვიგოთ,“ – ამბობს გიორგი დემეტრაძე.

ვეტერანმა ფეხბურთელმა ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში „ჯვაროსნების“ მიერ ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართული შეხვედრები შეაფასა:

„ჩრდილოეთ მაკედონიასთან ბოლო მატჩით უკმაყოფილო დავრჩი, რადგან სტუმრები 10 კაცით თამაშობდნენ და მოგება შეგვეძლო. შეტევაში უფრო მეტად უნდა წავსულიყავით და უფრო მეტი აქტიურობა გამოგვეჩინა. შესაძლოა, მწვრთნელმა არ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. მეტს ველოდი. ეს მეგობრული კრიტიკაა, რადგან ყველას გვინდა, რომ საქართველოს ნაკრები უკეთესი იყოს“.