ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე - ბეჟანიშვილის 11 ქულა მოგებულ შეხვედრაში #1TVSPORT
ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე - ბეჟანიშვილის 11 ქულა მოგებულ შეხვედრაში #1TVSPORT

კანადის ელიტურ საკალათბურთო ლიგაში (CEBL), „გუელფ ნაითჰოუკსის“ შემადგენლობაში გიორგი ბეჟანიშვილმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა. მისმა გუნდმა „სასკაჩევან რეტლერსს“ უმასპინძლა და ამჯერად მარტივად დაამარცხა 104-82.

ბეჟანიშვილმა, როგორც წინა 4 შეხვედრა, ამჯერადაც სასტარტოდან დაიწყო და 18:02 წუთი ითამაშა. ქართველ კალათბურთელს ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა – მის ანგარიშზე 11 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 პასია. გიორგიმ 4-დან 1 სამქულიანი და 5-დან 3 ორქულიანი გამოიყენა. საჯარიმო სროლებიდან კი 2-დან ორივე ზუსტი აღმოჩნდა. ის 4-ჯერ დაჯარიმდა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი, საბოლოო ჯამში კი +/- მაჩვენებელი +9 ჰქონდა.

ნაითჰოუკსი“ „რეტლერსს“ რამდენიმე დღის წინაც დაუპირისპირდა და სტუმრად 81-84 დამარცხდა. დღეს კი ბეჟანიშვილის გუნდმა მცირე რევანში აიღო. „ნაითჰოუკსმა“ გადამწყვეტი უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა, სადაც მოწინააღმდეგეს 17 ქულით გაექცა, მეორე მეოთხედი მეტოქემ 1 ქულით მოიგო, მაგრამ ბოლო პერიოდამდე ონტარიოს გუნდმა უპირატესობა კიდევ გაზარდა და 22-ქულიანი სხვაობა დააფიქსირა.

ბეჟანიშვილის გუნდი 19 ტურის შემდეგ 9 მოგებითა და 10 წაგებით მე-7 პოზიციაზეა. პლეი ოფში თამაშს კი 10 გუნდიდან 8 აგრძელებს – 1-ელი და მე-8 ადგილები ავტომატურად ნახევარფინალში გავლენ და ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ, მე-2 და მე-3 ადგილები მეოთხედფინალიდან ჩაერთვებიან, მე-4, მე-5, მე-6, და მე-7 ადგილზე გასული გუნდები კი მერვედფინალიდან. „გუელფ ნაითჰოუკსი“ რეგულარულ სეზონში ბოლო შეხვედრას 30 ივლისს „ნიუფაუნდლენდ გროულერსის“ წინააღმდეგ გამართავს.